ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი პარლამენტთან გრძელდება.
აქციის მონაწილეების თქმით, მოშიმშილეების მდგომარეობა მძიმდება.
“მეოცე დღეა, რაც ვშიმშილობთ. უკვე მძიმდება მდგომარეობა. ერთ-ერთს ტემპერატურაც აქვს. აქ გვიწევს ამ სიცივეში ღამეების გათენება. კარვებს არ გვაშლევინებენ და რაც მოვიტანეთ გადასაფარებლად ამაზეც პრეტენზიები აქვთ. რასაც ვითხოვთ უცვლელად რჩება და სახელმწიფოს მხრიდან ვინმე აუცილებლად უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა აქციის მონაწილე ზვიად ბაბიძემ.
კიდევ ერთი მონაწილის თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება.
“არანაირი რეაგირება არ ყოფილა სახელმწიფოსგან. ასეთ დღეში დაგვტოვეს წვიმაში. წერილიც დავუტოვეთ, მაგრამ არც თავმჯდომარემ და არც ერთმა მხარემ არ მიიტანა გულთან. ჩვენი მოთხოვნაა იგივეა. ნუ ჰგონიათ, რომ სახლებში წავალთ. წავიდოდით, მაგრამ სახლები აღარ გვაქვს“, – განაცხადა ჯამბულ მაჭარაშვილმა.
შუქრუთის მცხოვრები ეთერ გაფრინდაშვილის თქმით, პროტესტის მონაწილეებმა დახმარების თხოვნით საპატრიარქოსაც მიმართეს.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვიდგნენ მედიატორად, რადგან ამოვწურეთ ჩვენი რესურსები და ამის მეტი ფიზიკურად არ ძალგვიძს. ახლა ვთხოვთ დახმარებას ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს და დახმარების თხოვნით მივმართეთ საპატრიარქოსაც“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 191-ე დღეა, ითხოვს.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი პროტესტი თბილისში, პარლამენტთან 11 სექტემბრიდან გრძელდება. პოლიციამ მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რის გამოც წვიმაში, ღია ცის ქვეშ აგრძელებენ პროტესტს.
შუქრუთელები მოქალაქეებს მოუწოდებენ, კვირას, 20:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ.
კომენტარები