მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – სერგო ამაღლობელი

“დაიბადა იმერეთში” – სერგო ამაღლობელი

სერგო ამაღლობელი – ქართველი თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი, დრამატურგი.

დაიბადა 1898 წლის 11 ივლისს სოფელ ამაღლებაში (ვანის მუნიციპალიტეტი).

1920–1924 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე, ამავე დროს მუშაობდა გაზეთ “ტრიბუნაში“. 1924–1928 ლექციებს კითხულობდა თსუ-სა და კონსერვატორიაში. 1925 წელს იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, 1926–1927 — სახკინმრეწვის დირექტორი. 1928–1931 წლებში სათავეში ედგა მოსკოვის სხვადასხვა შემოქმედებით დაწესებულებას, 1931–1932 წლებში იყო მოსკოვის ახალი თეატრის, 1933-1936 წლებში კი მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

1928–1937 წლებში მოსკოვის ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა ამაღლობელის კრიტიკული და თეორიული წერილები თეატრისა და კინოს შესახებ. რუსულ ენაზე დაწერა რამდენიმე პიესა: „კარგი ცხოვრება“ (1934 დადგა მოსკოვის მეორე სამხატვრო თეატრმა). „ჩემი ქვეყანა“ და სხვა. ამაღლობელის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: „თეატრისა და კინოს პრობლემები“, თბ., 1928; მოსკოვში რუსულ ენაზე გამოცემული „ქართული თეატრი“, 1930; „დიდი ბრძოლების დრამატურგია“, 1933; „მცირე თეატრი“, 1935.

1938 წელს სერგო ამაღლობელი დააკავეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი იყო კონტრრევოლუციური, ტროცკისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი შემქმნელი მოსკოვში, რომელიც აერთიანებდა და სათავეში ედგა მოსკოვის ქართულ, ნაციონალისტურ საზოგადოებას.

მის თანამონაწილეებად განიხილეს და დააპატიმრეს მისი მეგობრებიც, რომლებიც მას ჰყავდა მოსკოვში სამუშაოდ მიწვეული 1936 წლიდან: პეტრე ოცხელი, ვახტანგ აბაშიძე და გიორგი ჟორდანია. ოთხივე მათგანს დახვრეტა მიესაჯა.

დახვრიტეს 1938 წლის 13 თებერვალს, 39 წლის ასაკში.  რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ.

კომენტარები