გელათის მონასტერი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი ფაქტის მომსწრეა. მრავალი ღირსშესანიშნავი თუ სამწუხარო ამბავი ახსოვს ამ ერთ-ერთ უძველეს ქართულ სავანეს.
რუსული საეგზარქოსო მმართველობის პერიოდში მოხდა გელათის მონასტრის ისტორიაში ასევე ერთ-ერთი სამწუხარო ფაქტი: 1904 წლის 19 ივლისს მონასტერში შეცვივდნენ ყაჩაღები, რომლებმაც ბერებზე იძალადეს და გაძარცვეს სავანე.
აღნიშნულ მეტად სამწუხარო ფაქტს აქტიურად გამოეხმაურა გაზეთი “ივერია” თავის სხვადასხვა ნომერში. სწორედ, ხსენებული გაზეთი იქცა ერთ-ერთ მთავარ წყაროდ, საიდანაც ამჟამად შეგვიძლია გავეცნოთ 1904 წელს გელათის მონასტრის დაყაჩაღების შესახებ საინფორმაციო ქრონიკებს. იმავე წლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში “ივერიის“ ფურცლებზე აქტიურად იწერებოდა ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ. პირველად გაზეთმა „ივერიამ“ გელათში 1904 წლის 19 ივლისს მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა 1904 წლის 27 ივლისს, # 172, გვ.2
ორი დღის გასვლის შემდგომ, 1904 წლის 29 ივლისს (# 174) გაზეთ “ივერიაში” დაიბეჭდა სარგის კაკაბაძის მიერ 26 ივლისს, ქუთაისში მომზადებული წერილი (მითითებულია ავტორის ინიციალები ს.კ. ამ დროს სარგის კაკაბაძე იყო სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის, სამ თვეში უსრულდებოდა 18 წელი). სარგის კაკაბაძე 25 ივლისს თავად მისულა გელათში და ადგილზე გასცნობია სიტუაციას, რის შესახებაც ის წერს: “გულმა ვეღარ მომითმინა, როდესაც გელათის მონასტრის გაძარცვა გავიგე და დავაპირე ჩვენს დამცირებულ სიწმინდის სანახავად წავსულიყავ, მით უმეტეს, რომ გატანილ ნივთების შესახებ ერთმანეთის წინააღმდეგი ცნობები მოდიოდა.ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას“, – წერს სარგის კაკაბაძე და შემდგომ აქვე აგრძელებს, რა მოუთხრეს მას 19 ივლისს მომხდარი ძარცვის შესახებ გელათის მონასტრის ბერებმა. იქვე სარგის კაკაბაძე გამოთქვამს სხვადასხვა სახის შენიშვნას, მათ შორის იმის შესახებაც, რომ გელათის მონასტერს არ ჰყავდა დარაჯი დღისითაც და ღამითაც. ამავე წერილში სარგის კაკაბაძე მწუხარებით დასძენს: “ასე და ამგვარად, ერთ დღეს დავკარგეთ და იქნებ სამუდამოდაც ძვირფასი ისტორიული ნივთები“.
1904 წლის 31 ივლისს # 176, გვ. 2 გაზეთმა ივერიამ ამჯერად გაზეთ “ცნობის ფურცელზე” დაყრდნობით გამოაქვეყნა ნუსხა გელათიდან ხსენებული ძარცვისას გატაცებული ნივთების ნუსხა და აქვე აუწყა საზოგადოებას ხსენებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირის დაპატიმრების შესახებ.
1904 წლის 4 აგვისტოს გაზეთ “ივერიაში” (*179) დაიბეჭდა იმერეთის ეპისკოპოს (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერილი, რომელშიც ის აკრიტიკებს სარგის კაკაბაძეს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული შენიშვნების გამო.
1904 წლის 8 აგვისტოს, გაზეთ “ივერიაში“ (#182, გვ. 2) დაიბეჭდა დიდი ქართველი მგოსნის და საზოგადო მოღვაწის, პოეტისა და მწერლის აკაკი წერეთლის წერილი გელათის მონასტრის 19 ივლისის ძარცვის შესახებ სათაურით „სამძიმარი“. აქვე აკაკიმ წერილს დაურთო თემატური ლექსები თავისი შემოქმედებიდან.
1904 წლის 23 სექტემბერს, გაზეთ „ივერიაში (#219, გვ. 3) გამოაქვეყნა ცნობა, რომ სვირის სადგურზე დაუჭერიათ გელათის მონასტრის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი სამი პირი.
სამწუხაროდ, აღნიშნული საქმე არ თუ ვერ გამოიძია რუსულმა კოლონიზატორულმა ხელისუფლებამ და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1904 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმის შემდგომი წარმოება შეწყდა. ამის შესახებაც მოგვიანებით, 1908 წლის მიწურულს გახდა ცნობილი, როდესაც უკვე იმერეთის ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი) და სწორედ მას აცნობეს (1908 წლის 18 დეკემბერს, 3 ოქტომბრის მიმართვის პასუხად), რომ საქმის სასამართლო წარმოება შეწყვეტილი იყო 1904 წლიდან.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
ფოტოზე: გელათის მონასტერი, 1880-იანი წლები, ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან
კომენტარები