პარლამენტთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ.
მათი თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ და უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
“შესაძლებელია, რომელიმე კომაშიც ჩავარდეს შაქრის გამო. ჩვენ დედები ვართ და ეს ბავშვები ჩვენს ხელში გაიზარდნენ. რანაირად დავსხდებით და რანაირად ვუყურებთ ამათ სიკვდილს? გადავწყვიტეთ ჩვენც აქ დავრჩეთ და ვიშიმშილოთ ამათთან ერთად. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და რისი რესურსებიც გვექნება ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არ დავზოგავთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დღეს შუქრუთელების უწყვეტი აქციის 201 დღე და 30 დღეა.
“ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებული მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
მათ თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს გადაინაცვლეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, რის გამოც შუქრუთელებს ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა.
შუქრუთელები მოქალაქეებს, 1 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ სოლიდარობის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები