მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გელათის საზიანოდ გაფლანგული დრო: ვისი ბრალია და რას ვნებს დროებითი გადახურვის დაგვიანება?

გელათის საზიანოდ გაფლანგული დრო: ვისი ბრალია და რას ვნებს დროებითი გადახურვის დაგვიანება?

თითქმის სამი თვეა, გელათის მონასტერი მნახველებისთვის დაკეტილია. მიზეზი ისაა, რომ ივლისიდან მოყოლებული მთავარი ტაძრის დროებით გადახურვას აწყობდნენ. ძირითადი კონსტრუქცია უკვე აიგო, ახლა კი გუმბათის ჯერია.

ამ სამუშაოებს გელათის ისტორიული ძეგლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე მოეწყობა დროებითი გადახურვა, მით მალე გაიხსნება ტაძრის ჭერი, განიავდება შიდა სივრცე, აორთქლდება წლობით დაგროვილი ნესტი და დაზიანებულ მხატვრობასაც მიეხედება.

საპატრიარქომ კი დრო გაფლანგა – დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყეს 2024 წლის ივლისში, როცა ამის გაკეთება ერთი წლის წინაც შეეძლოთ.

“აი, ფაქტმა” გაარკვია, რომ 2023 წლის ივლისში გელათის დროებითი სახურავის მოსაწყობად ყველაფერი მზად იყო – არსებობდა ძირითადი პროექტი და ცნობილი იყო, რომელ კომპანიას უნდა აეგო კონსტრუქცია.

2020 წლის ზამთრის ყინვისას, გელათის მთავარი ტაძრის კრამიტის სახურავი დაიბზარა და დატყდა. შედეგად, ინტერიერში წყალმა გაჟონა და შუა საუკუნეების მხატვრობა დააზიანა. გაჩნდა სახურავის გამოცვლის აუცილებლობა. კულტურის სამინისტრომ გელათს ჯერ ტენტი დააფარა, შემდეგ – ლითონი.

ბოლო ოთხი წელია, ხან ქართველი, ხან უცხოელი სპეციალისტები ზრუნავდნენ იმაზე, რომ გელათში წყალს აღარ შეეღწია. შეიცვალა პასუხისმგებელი პირებიც – გელათის რეაბილიტაციის მართვა კულტურის სამინისტროდან საპატრიარქომ გადაიბარა. თუმცა, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, პრობლემა უცვლელია. ტაძარს წყალი დღესაც აზიანებს, უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები კი იკარგება.

გამოსავალი არსებობს – მთავარი ტაძრის ძველი სახურავი რაც შეიძლება მალე უნდა მოიხსნას, ახლის მოწყობამდე კი ძეგლი ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩეს, დროებითი, ქოლგისებური გადახურვაა საჭირო. ამას ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-რესტავრატორები 2020 წლიდან დაჟინებით ითხოვდნენ, პასუხისმგებელი პირების რეაგირებას კი წლები დასჭირდა.

2024 წლის სექტემბერში გელათის მთავარი ტაძრის მკლავები დროებითი საფარით გადახურეს და ხარაჩოები მოაწყვეს. ოქტომბრიდან იმავეს გაკეთება იგეგმება გუმბათზეც, მაგრამ სპეციალისტები ამ სამუშაოებს დაგვიანებულს უწოდებენ და მხატვრობაზე ისევ ღელავენ.

“აი, ფაქტმა” გაარკვია, რატომ და ვისი დაუდევრობით შეყოვნდა დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესი.

საქმე ისაა, რომ “რესტრუერეს” იტალიელ სპეციალისტთა ჯგუფმა დროებითი გადახურვის ძირითადი კონსტრუქციისთვის საჭირო პროექტი ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში მოამზადა და კულტურის სამინისტროს ჩააბარა.

“იმ დროის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ და დავხაზეთ სისტემა, რომელიც საკმაოდ სანდო იყო. დასაზუსტებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე დეტალი გუმბათის გადახურვასთან დაკავშირებით. ბედნიერი ვარ, რომ ის პროექტი, რომელიც სააგენტოს და სამინისტროს გავუზიარეთ, კარგად იყო მომზადებული და გადაჭრიდა ძეგლის ძირითად პრობლემებს. იძულებული ვიყავით, რომ სამუშაოები მოულოდნელად შეგვეწყვიტა, მაგრამ ქართულ მხარეს მაინც შევთავაზეთ გამოსავლის ეფექტური გზები”, – გვწერს უგო ტონიეტი.

გამოდის, რომ “რესტრუერეს” მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე მალევე იყო შესაძლებელი მთავარ ტაძარზე ქოლგისებური გადახურვის მოწყობა. მით უმეტეს, რომ ამ სამუშაოებს იუნესკოსგანაც ჰქონდა “მწვანე შუქი”. ისინი დროებითი საფარის მთლიან, გუმბათიან ვერსიას იწონებდნენ.

„… გაშრობის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რასაც ხელს შეუწყობს სახურავის ზემოდან ვენტილაცია (რაც უკვე დაიწყო დასავლეთ ფრთაში, ამაღლებული დროებითი სახურავით და ფხვიერი მასის ამოღებით). იგივე უნდა მოხდეს სხვა თაღებსა და გუმბათზე (ამაღლებული სახურავით, რომელიც ყველა უბანს დაფარავს)”, – ამბობდა იუნესკო ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვდა. ისინი ოპტიმისტურად ვარაუდობდნენ: “ეკლესიის ზედა ნაწილების გახსნა შესაძლებელი გახდება 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს”.

რა მოხდა შემდეგ? 2023 წლის აპრილში, გელათის რეაბილიტაციის მართვა და საჭირო ფინანსები საპატრიარქომ გადაიბარა. მათ არც “რესტრუერეს” დაუჯერეს, არც იუნესკოს და მოამზადეს ალტერნატიული პროექტი. ამ ვერსიით, ტაძრის დროებითი გადახურვა გუმბათს არ ფარავდა.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა იუნესკოს ორივე ვერსია შესთავაზა:

1. მთლიანი გადახურვა, ტაძრის შიგნით საყრდენი სვეტით;

2. უგუმბათო გადახურვა, ტაძარში სვეტის გარეშე.

როგორც გავარკვიეთ, კომიტეტმა უგუმბათო გადახურვა იმიტომ მოინდომა, რომ გელათში ღვთისმსახურება არ შეეწყვიტათ. არგუმენტად ისიც მოჰყავდათ, გუმბათში წყალი არ ჟონავსო, მაგრამ იკომოსი სრულიად საპირისპირო აზრზე იყო.

საბოლოოდ, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა თავისი ვერსია ვერ გაიტანა. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ იუნესკომ მათი ინიციატივა დაიწუნა და მეორედ გაგვიმეორეს, გელათს გუმბათიანი გადახურვა სჭირდებაო.

ამ ალტერნატივების განხილვაში და იუნესკოს პასუხის მოლოდინში, საპატრიარქომ გელათისთვის ასე ძვირფასი, დრო დაკარგა.

რა ხდებოდა გელათის გადახურვაზე 2013 წლიდან დღემდე

2013-2018 წლები – მთავარი ტაძრის გადახურვის რეაბილიტაცია (გუმბათი, მკლავები, საკურთხეველი, მკლავთაშორისი სივრცეები). დაფინანსება: აშშ-ის საელჩო;

2015-2017 წლები – მთავარ ტაძარზე ქვის სამშენებლო მასალის საკონსერვაციო სამუშაოები, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;

2018-2019 წლები – მთავარი ტაძრის ეკვდერების გადახურვა, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;

2019 წელი – მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, დაფინანსება: მუნიციპალური განვითარების ფონდი;

2020 წლის თებერვალი – ცნობილი გახდა, რომ მოჭიქული კრამიტი დაიბზარა და გატყდა. შედეგად, ტაძარში წყალი ჩავიდა და ისტორიული მხატვრობა დააზიანა.

2020 წლის ნოემბერი – მოეწყო დროებითი, თუნუქის მყარი გადახურვა;

2020 წლის ოქტომბერი – “იკომოს საქართველომ” დაიწუნა დროებითი გადახურვის სეგმენტურად მოწყობის გეგმა და სამინისტროს სრული გადახურვის მოწყობა ურჩია;

2021 წლის თებერვალი – დაიწყო გელათის მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვის დაგეგმვა. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს გაუგზავნა დროებითი გადახურვის ვერსიები და საპასუხოდ მიიღო რჩევა, რომ გელათი გადაეხურათ ე.წ ქოლგისებური კონსტრუქციით;

2021 წლის თებერვალი – იუნესკომ გელათის დროებით გადახურვაზე მუშაობა დაავალა გერმანულ საინჟინრო კომპანია “ლეიერს”.

2021 წლის ივნისი-აგვისტო – წყლის შეღწევის მიზეზებს იკვლევდა და დროებითი გადახურვის სამუშაოებს გეგმავდა იტალიური კომპანია “რესტრუერე”, უგო ტონიეტის ხელმძღვანელობით.

 

ვრცლად: “აი, ფაქტი”

 

კომენტარები