მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ანტიკური გამოძახილები

ქუთაისის ანტიკური გამოძახილები

ანტიკური ეპოქის ისტორიული ფესვებიდან და მისი თანამედროვე გამოძახილიდან საქართველოში ერთ-ერთი უპირველესია უძველესი, ფესვქართული ქუთაისი, რომლის სახელმა სხვადასხვა ფორმით არაერთგზის პოვა ასახვა ანტიკური პერიოდის ავტორთა სტრიქონებში. ჩვენ პლანეტის ქვეყნებს შორის მრავალს არ გააჩნია ის ისტორიული პატივი, რასაც ანტიკური პერიოდის მატიანის სიღრმეებში ყოფნა წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ეს პატივი ერთ-ერთი უპირველესია და არსებობს სწორედ ქუთაისით და მისი კავშირებით ანტიკურ ეპოქასა და იმ დროის მატიანესთან.

ბერძენი და რომაელი ავტორების როგორც ისტორიული, ისე მხატვრული შინაარსის ნაწარმოებებში მრავალგზის გაიჟღერა ქუთაისმა მისი სახელწოდების სხვადასხვა ეპოქის ფორმებით. ოდისეა, ოდისეას სქოლიონები, ევსტათი თესალონიკელის განმარტებანი “ოდისეასთვის”, კორინთიაკა, მიმნერმე, ნანო, პინდარე, ევრიპიდე, ჰიფსიპილე და არაერთი სხვა ანტიკური ავტორი თუ წყარო კოლხთა და კოლხური ცივილიზაციის შესახებ საუბრისას მრავალგზის მოიხმობენ ქუთაისს (აია, კუტაია) და სხვა ამ ქალაქის პირველობით ასახავენ კოლხური სახელმწიფოს ისტორიას, მის მნიშვნელობასა და სიძლიერეს, რომელიც მყარად არის დამკვიდრებული ანტიკური პერიოდის საისტორიო მემკვიდრეობასა და მის აღწერილობაში.

“აია ახლაც მტკიცედ დგას და იქ ცხოვრობენ იმ ვაჟკაცთა ჩამომავალნი, რომლებიც /სესოტრისმა/ აიაში სამოსახლოდ დაამკვიდრა. ამათ შენახული აქვთ თავიანთ მამათაგან ნაწერი კირბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურთათვის ნაჩვენებია ზღვისა და ხმელებით ყველა გზა და საზღვარი”, – გვაუწყებს “არგონავტიკა”.

“აია ქალაქია კოლხეთისა. იგი დასახლებული სამყაროს კიდეში ძევს… აია ახლაც მტკიცედ დგას”, – ვკითხულობთ აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკის” სქოლიონებში.

მსოფლიოში ძალიან ცოტა ქალაქს ერგო პატივი, რომ ანტიკურ ფესვებს და იმ დროის თხზულებებში ხსენებასთან ერთად, ასევე უწყვეტი საისტორიო ხაზით არსებობდეს დღემდე, როგორც კვლავ მოქმედი ქალაქი. სწორედ მათ შორისაა ქუთაისი, რომელმაც სამყაროს უძველესი ეპოქიდან ჩვენს დრომდე ღირსეულად განვლო ათასწლეულთა გზა, იტვირთა, როგორც გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქის მისია, პასუხისმგებლობა და პატივი, ასევე ცალკეულ ქართულ პოლიტიკურ ერთეულთა დედაქალაქობა, ამასთანავე, ქართული კულტურისა და გენის დედობა და გამორჩეული ქომაგობა და დღესდღეობითაც თავისი ისტორიული ღირსებითა და პატივით თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთ გამორჩეულ გამორჩეულ ადგილს იკავებს საქართველოსა და მთელ კავკასიაში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები