საქართველოს მოქალაქეები შემოდგომის სეზონზე უცხოეთში სამოგზაუროდ არჩევანს რომზე, ნიცაზე, პრაღაზე, პარიზსა და ვენაზე აჩერებენ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის გიდმა ლაშა ბერიკაშვილმა განაცხადა.
როგორც გიდი აღნიშნავს, ახალ ტურისტულ მიმართულებებად დაემატა ბელგია, დანია და შვედეთი.
ბერიკაშვილის თქმით, დაინტერესება ამ ქვეყნების მიმართ მზარდია.
“რომი, ნიცა, პარიზი, პრაღა, ვენა ამ სეზონზე აქტიურია. ახალი მიმართულებებია ბელგია, დანია და შვედეთი, რომლებიც ახლა გააქტიურდა. ეს ახალი მიმართულებებია, ახლა ეცნობიან და ინტერესი მაღალია, თუმცაღა პირველ სამეულში მოთხოვნის კუთხით რომი, პარიზი და ბარსელონა გვხვდება. მოთხოვნა არის როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ ტურებზე, მაგრამ 10-დან 8 მაინც არის ჯგუფური ტური. ადამიანებს ურჩევნია, მათზე სხვამ იზრუნოს, კომფორტულად იმოგზაურონ, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ სხვამ დაუგეგმოთ ტურები. ჯგუფური ტურების მიმართ ინტერესი უფრო იზრდება, პანდემიის პერიოდში უფრო ნაკლები იყო, გამომდინარე ბევრი ხალხის თავშეყრის გამო“, – აღნიშნავს ტურისტული გიდი „ბიზნესპრესნიუსს“.
რაც შეეხება ფასებს, ბერიკაშვილი აღნიშნავს, რომ ტურების ფასები მცირედით გაიზარდა, რაც ძირითადად სასტუმროებში განთავსების ფასის ზრდას უკავშირდება.
“მცირედით არის გაძვირებული ტურების ღირებულება, ზოგადად ყველგან არის სასტუმროები გაძვირებული. რომი, პარიზი საკმაოდ გაზრდილია, ამას დაემთხვა ოლიმპიადა პარიზში და ფასები ოლიმპიადის შემდეგაც მაღალი დარჩა. ამიტომ ტურებზეც ფასები ოდნავ არის გაზრდილი. ავიაკომპანია „ვიზეარიც“ საკმაოდ ძვირად ყიდის ბილეთებს, ვიდრე მანამდე ყიდდა და ამ ყველაფერს ასტაბილურებს, ალბათ, ხალხის რაოდენობა და შესაძლოა, ჯგუფურ ტურებსაც ამიტომ ირჩევენ“, – განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
კომენტარები