მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნიკო მანაგაძის ჯგუფური ძალადობის საქმის მასალების გაცნობა და გადმოცემა უკანონოდ ჭიანურდება”

“ნიკო მანაგაძის ჯგუფური ძალადობის საქმის მასალების გაცნობა და გადმოცემა უკანონოდ ჭიანურდება”

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარ თავდასხმაზე ეფექტიანი გამოძიება აწარმოოს და დაზარალებულს დაუყოვნებლივ მისცეს საქმის მასალებზე წვდომა.

როგორც ორგანიზაცია წერს, შემთხვევიდან ოთხ თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც საბაზისო ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე დაზარალებულისთვის ხელმიუწვდომელია.

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაზარალებულს აძლევს უფლებას, მიიღოს საქმის მასალები. ამ დრომდე დაზარალებულს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 23 ივლისს მოგვეცა, თუმცა არა ასლების გადმოცემის, არამედ საგამოძიებო უწყებაში გაცნობის გზით.

2024 წლის 9 სექტემბერს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას კვლავ მივმართეთ საქმის გაცნობის და ასლების გადმოცემით მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა საქმის მასალების გაცნობაზე ფორმალურად უარს არ გვეუბნება, თუმცა პრაქტიკაში სხვადასხვა საფუძვლით კვლავ ჭიანურდება დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის საკითხი.

საქმის მასალებზე წვდომის თვითნებურად შეზღუდვა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ჩატარებული საჭირო საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიებები დამნაშავეების დასაიდენტიფიცირებლად”, – წერს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, დევნა არ დაწყებულა ნიკოლოზ მანაგაძეზე თავდამსხმელი არც ერთი პირის მიმართ.

“23 ივლისს საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები იმ დროისთვის არ იყო ჩატარებული. შესაბამისად, არ იყო გადადგმული ყველა გონივრული ნაბიჯი დამნაშავეების დასადგენად და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გასატარებლად. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ვფლობთ ინფორმაციას, ჩატარდა თუ არა  ჩვენ მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობის დადგენა და მათი გამოკითხვა.

ნიკოლოზ მანაგაძის საქმე Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშშიც მოხვდა, როგორც საქართველოში ხელისუფლების კრიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი ინციდენტი.

მსგავს დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობას და  აშკარად მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ პასუხისმგებელი პირების დასაჯოს. ასევე, არაეფექტიანი გამოძიების პარალელურად, შემაშფოთებელია ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაზარალებულის ინფორმირებას ბაზისურ დონეზეც კი არ უზრუნველყოფენ საქმესთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაზარალებულს და მის ადვოკატს დაუყოვნებლივ მიეცეს საქმის მასალებზე წვდომის და ასლების მიღების შესაძლებლობა; უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ წევრს ნიკო მანაგაძეს თსუ-სთან თავს 7 ივნისს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკო მანაგაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ რუსული კანონის გამო პროტესტი გამოხატეს.

კომენტარები