გოლათუბანი – სოფელი იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (წიფის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 720 მეტრის სიმაღლეზე, ხარაგაულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება თიხა.
გოლათუბანი წერილობით წყაროებში პირველად დამოწმებულია 1711 წელს. აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზეც (1743). მას მოიხსენიებს აგრეთვე გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი.
1711 წელს გოლათუბანი სააბაშიოს შემადგენლობაში შევიდა და ქართლის სამეფოს საზღვრებში მოექცა. 1751 წელს ვახუშტი აბაშიძემ გოლათუბანი გაათავისუფლა ყოველგვარი გამოსაღებლისგან და ამავე სოფელში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიის სამსახური დააკისრა. ქართლ-კახეთის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ შემდეგ სოფელი გორის მაზრას ეკუთვნოდა, ხოლო 1846 წლიდან – შორაპნის მაზრას.
გოლათუბანში შემორჩენილია კირქვით ნაგები XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია და ნამოსახლარი.
სოფლის სახელი, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ორი ძმის გოლას და ბეჟას ამბავს უკავშირდება. ძმებს, ამ ადგილებში ერთმანეთის მეზობელ ტერიტორიებზე დაუდევთ ბინა, თანდათან გამრავლებულან, შემდეგ კი, მათ შთამომავლობას ერთი სოფლისთვის გოლათუბანი დარქმევია, მეორისთვის – ბეჟათუბანი.
გავრცელებული გვარებია: ლაცაბიძე, ტალახაძე, ჩიტაძე, ღონღაძე, ღამბაშიძე, გოგოლაძე, ქველაძე, ხაჩიძე და სხვა.
საღმრთო დღესასწაულებიდან სოფელში გამორჩეულად გიორგობის და ღვთისმშობლობის დღესასწაულებს აღნიშნავენ.
კომენტარები