ახლა მოვუსმინე ჟოზეფ ბორელს – მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი ვიდეოფაქტების ჩვენებით დაიწყო.
მისი თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პირიქით ხდება, მტკიცებულებებს პროკურატურა წარადგენს და პრეზიდენტისგან არ ითხოვს.
“აგერ არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან, ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება აქ თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებები, ბატონებო. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ასე ვიცოდი, რომ საერთოდ პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს უნდა თვითონ მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხო? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი რომ ვთქვა, არც ერთი ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები. სხვათა შორის, ახლა, ამ წუთში, მოვდიოდი და მოვისმინე ჟოზეფ ბორელისთვის, მგონი მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების რაც არის ჩამოთვლილი, არის ზუსტად იგივე.
და პროკურატურა, უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილზე რომ სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურაში დაბარება უცნაურად ემთხვევა დიმიტრი მედვედევის მითითებებს, რომელმაც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის “გადაყენებას და დაჭერაზე” მიუთითა.
“პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს გამოკითხვაზე დაიბარა.
კომენტარები