დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები 2 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე დაათვალიერეს აფხაზეთიდან დევნილთა ახალი დასახლება.
აფხაზეთიდან დევნილ 560 ოჯახს 2020-2021 წლებში ახალი ბინები გადაეცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამით იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუმჯობესდა.
ადგილობრივები არაერთ პრობლემაზე საუბრობენ. ერთ-ერთი მთავარი წუხილი 2 საცხოვრებელ კორპუსში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე N14 და N16 კორპუსებში მცხოვრებლებს ჭერიდან წყალი ჩამოდით და სარდაფები ევსებათ.
დევნილთა განცხადებით, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია, არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის პირებს არაერთხელ მიმართეს, ამ დრომდე პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დადგენილი არაა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა, საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მძიმე ვითარებაზე მიუთითა და გამოითხოვა ინფორმაცია. სააგენტოსგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ დაინტერესდნენ ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში განსახლებული დევნილი მოსახლეობის პრობლემებით – შეისწავლონ საცხოვრებელი კორპუსების პრობლემების გამომწვევი მიზეზები და უახლოეს მომავალში მოახდინონ სათანადო რეაგირება.
კომენტარები