საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი 1089 წელს იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. 

მეფე დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

დავით აღმაშენებელმა ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში ჩაატარა სიღრმისეული რეფორმები, რომლებმაც საბოლოოდ დაასრულეს ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, მან ქვეყნიდან სელჩუკი დამპყრობლები განდევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია და მემკვიდრეებისთვის გადააბარა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო "ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლის საგანმანათლებლო, ეკონომიკური და საეკლესიო რეფორმები, რომლებიც საქართველოს გაძლიერების მთავარი საყრდენი გახდა. მის სახელს უკავშირდება რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც აღმოფხვრა ის დარღვევები, რასაც ქართულ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი.

საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა.

მეფემ ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი. ლოდს მხოლოდ ერთი წარწერა ამშვენებს - "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე; ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე“. არის ვარაუდი, რომ დავითის წმინდანად შერაცხვის შემდეგ მისი ნაწილები მთავარი ტაძრის საკურთხეველში უნდა გადაესვენებინათ.

პიროვნული ღირსებების და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებერვალი.) დააწესა.