ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძე - ქართველი სპორტსმენი, ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), ქართული ალპინისტური სკოლის შემქმნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1934), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941).
დაიბადა 1899 წლის 20 თებერვალს, ხრეითში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკის ფაკულტეტი. შესრულებული აქვს ასზე მეტი ასვლა პამირის და კავკასიონის მწვერვალებზე. საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), უსახელო მწვერვალზე პამირში (1936), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასვლები ახალი გზით მყინვარწვერზე (1931), 1943 წლის ზამთრის ასვლა უშბაზე.
პირველმა შეისწავლა და გამოიკვლია ხვამლის, ორხვის, ორპირის, ტვიშის, შიომღვიმისა და უფლისციხის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. 1936-1940 და 1943-1945 წლებში იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ დაარსებულ საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს პამირსა და კავკასიონზე, სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983).
დაიღუპა 1945 წლის 12 ოქტომბერს მწვერვალ უშბაზე 46 წლის ასაკში.
"ალიოშა იმიტომ წავიდა თეთნულდზე, რომ იქ უფროსი ძმა, სიმონი დაეღუპათ. ის გიორგი ნიკოლაძესა და პიმენ დვალთან ერთად ადიოდა მწვერვალზე. სიმონი და პიმენი დაიღუპნენ, მხოლოდ გიორგი გადარჩა. სიმონის უბედურებამ ალიოშას მთაში წასვლა დააჩქარა. ის 1945 წელს დაიღუპა უშბა-შხელდის ტრავერსზე, მწვერვალიდან მწვერვალზე გადასვლისას. ჯოჯოხეთური ამინდი დაემთხვა, ორი კვირა გადაუღებლად თოვდა და ქარიშხალი მძვინვარებდა. მესტიაში ხეები ფესვებიანად დაგლიჯა. მშიერი, დასუსტებული ალპინისტები უშბიდან ვეღარ დაეშვნენ და ორი კვირა მწვერვალზე გაატარეს. მერე მათ მისაშველებლად ხალხი წავიდა, მაგრამ ზემოთ რაღაც წერტილები შენიშნეს, თქვეს, ბიჭები ცოცხლები არიან და ეშვებიანო და გახარებულები დაბრუნდნენ უკან. ამასობაში ორი კვირის ნათოვი ზვავი მოწყდა და ალიოშა მეგობრებიანად დამარხა. მამიდაჩემი მას გამუდმებით ეძებდა. იმედი ჰქონდა, რომ როცა იპოვიდა, ისეთივეს ნახავდა, როგორიც დაკარგა - ყინული ხომ უცვლელად ინახავს ადამიანს, მაგრამ ამაოდ. ყინულის მდინარემ ბიძაჩემი 12 წლის შემდეგ გამორიყა. მხოლოდ ჩონჩხი იყო, მოჭრილი ფეხის თითებით იცნეს, რომელიც პამირზე ასვლისას მოეყინა..." - იხსენებს გეოლოგი და ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალიოშა ჯაფარიძე დაკრძალულია ვერის ბაღში, თავისი და-ძმის გვერდით.