კონსტანტინე ლორთქიფანიძე - ქართველი მწერალი, მთარგმნელი, სცენარისტი.

დაიბადა 1905 წლის 7 იანვარს დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი). 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი.

ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჩაება ლიტერატურულ ცხოვრებაში. იყო ქუთაისში პროლეტარ მწერალთა კავშირის დამაარსებელი ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი.

ლიტერატურაში კ. ლორთქიფანიძე ლექსებით შემოვიდა. 1926 წლიდან, ზედიზედ აქვეყნებს კრებულებს: „პირველის შემდეგ“, „ღიმილი“, „ახალი ლექსები“, „ერთი მათგანი“, „მუშა გამომგონებელი“, პოემა „სტენკა რაზინი“ და სხვა. მალე ნიჭიერი პოეტი პროზაში პოულობს თავის მოწოდებას. პირველი საყურადღებო მოთხრობების გამოქვეყნების შემდეგ ლორთქიფანიძემ 1931 წელს დაწერა დიდი რომანი „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, რომელიც გადაამუშავა და 1951 წელს გამოსცა "კოლხეთის ცისკარის“ სახელწოდებით. იგი სამართლიანადაა მიჩნეული კლასიკურ საბჭოთა რომანად და ქართული საბჭოთა პროზის ერთ-ერთ საეტაპო ნაწარმოებადაა აღიარებული. „კოლხეთის ცისკარი“ ითარგმნა მრავალ ენაზე, მას მაღალი შეფასება მისცა კრიტიკამ. 

დიდი სამამულო ომის წლებში ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944 წლებში იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი.

მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს ტ. შევჩენკოს, ა. მიცკევიჩის, პ. ელუარის, ვლ. მაიკოვსკის, ი. ფრანკოს, ხ. აბოვიანის, ა. ისააკიანის,  ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის- "დავით სასუნცის" რამდენიმე თავი.

მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა" (1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე" (1957), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960).

გარდაიცვალა 1986 წლის 30 ივლისს 81 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.