მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი - სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი.
დაიბადა 1925 წლის 1 აგვისტოს ქუთაისში, თერაპევტ ნიკოლოზ ჯუღელის და სტომატოლოგ თამარ ღამბაშიძის ოჯახში. 8 წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად განაწილებით ქუთაისიდან გურჯაანში გადავიდა. 1938 წლის 23 თებერვალს მამა, ნიკოლოზ ჯუღელი საბჭოთა უშიშრობამ დააპატიმრა და მოგვიანებით დახვრიტა. მამის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დააკავეს და გადაასახლეს დედა.
1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი (1947–1954), საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი (1946, 1947, 1952–1955 - ბჯენით ხტომაში, 1953 - რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952, ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.
1962–1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრებს. 1965–1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელის წოდება. 1972–1991 წლებში საქართველოს უმაღლესი სპორტული დაოსტატების რესპუბლიკური სკოლის დირექტორი. 1973 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურის და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1991–2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.
1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 1999 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწესდა მედეა ჯუღელის სახელობის სტიპენდია. 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი "მზია ჯუღელი“.
გარდაიცვალა 2016 წლის 8 იანვარს, 90 წლის ასაკში.