ქუთაისში, ბუკიას #3-ის კორპუსთან მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივები კორპუსის გვერდით არსებულ სკვერში ხეების მოჭრას და მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე არსებული ტერიტორია 2012 წელს გასხვისდა, იმის შემდეგ კი კერძო მესაკუთრე სხვადასხვა ტიპის მშენებლობას აანონსებს.
ადგილობრივები დღეს ქუჩაში გამოვიდნენ, რადგან პერიმეტრზე მძიმე ტექნიკამ დაიწყო მუშაობა.
"ეს ტერიტორია გასხვისდა 2012 წელს, იმის შემდეგ მესაკუთრეს ხან რისი აშენება სურს და ხან რისი. მოსახლეობა ყოველთვის წინააღმდეგი ვართ. ახლა დღეს უკვე მძიმე ტექნიკაც დავინახეთ და ხეების მოჭრა დაიწყეს. არ დავუშვებთ გამორიცხულია, არ მივცემთ აშენების უფლებას. ერთადერთი მოსასვენებელი სივრცე გვაქვს აქ მოსახლეობას. ხან კორპუსის აშენება უნდა, ხან დრაივის, არცერთს არ ავაშენებინებთ, მერიას კი ვთხოვთ მესაკუთრეს სხვაგან მისცეს ალტერნატიული ტერიტორია", - აცხადებს ადგილობრივი ნონა ბახუტაშვილი.
ადგილზე აღნიშნული უბნის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გიორგაძეც იმყოფებოდა, რომელმაც ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა.