ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მოსახლეობის პროტესტს კერძო მესაკუთრე ეხმაურება.
როგორც მან "ინფო იმერეთთან" საუბრისას განაცხადა, ადგილზე მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტის აგება სურს და არა კორპუსის.
მისივე განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას სკვერის სტატუსი არასოდეს ჰქონია, აღნიშნული სტატუსი კი მისი ტერიტორიის მომიჯნავე ადგილს რამდენიმე წლის წინ მიანიჭეს.
"მე ადგილზე კორპუსის მშენებლობა არ მინდა. 154 კვადრატულ მეტრზე რა კორპუსი უნდა აშენდეს. მე მინდა მსუბუქი კონსტრუქციის აგება, ჩემს კერძო საკუთრებაში, რომელიც სკვერი არასოდეს ყოფილა და იქ არსებულ სკვერს და ატრაქციონებს არავინ შეეხება. რაც შეეხება ხეების მოჭრას, კანონით კერძო საკუთრებაში ხის მოჭრა ნებადართულია, თუ ის წითელ წიგნში შეტანილი არ არის და ასეთი ხე იმ ტერიტორიაზე არ არის", - განაცხადა კერძო მესაკუთრემ.
ბუკიას ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ადგილზე არანაირი ტიპის მშენებლობას არ დაუშვებენ.