ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მცხოვრების საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. 

ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები გამთენიისას ნელ-ნელა განვითარდა და მოსახლეობამ სახლების დატოვება მოასწრო.

"იცით როგორი ხმა იყო? თითქოს მიწა ღმუოდა, ისმოდა ხეების ტკაცატკუცი და იყო გუგუნის ხმა. მეზობელმა რომ გაიგონა ეს ხმები, მეორე მეზობელს დაურეკა და ასე გადავძახეთ ერთმანეთს. დავრეკეთ საგანგებოშიც და ისინიც დაგვეხმარნენ გამოსვლაში. გაგვიმართლა იმაში, რომ არ იყო წვიმა. რამდენიმე დღე იყო მზიანი და ქარიანი ამინდი და ნელა მოდიოდა მეწყერი, თორემ სწრაფად რომ წამოსულიყო, ნახევარი სოფლის მოსახლეობა აღარ ვიქნებოდით და ჩავიმარხებოდით ამ მეწყერში.

ყველა გამოვვარდით გარეთ პანიკურად, ჩავსხედით მანქანებში, მაგრამ საით გავრბოდით არ ვიცოდით, ისეთი სიტუაცია იყო. სიბნელე იყო, არ ჩანდა არაფერი საერთოდ და ეს კიდევ ცალკე გვიქმნიდა უზარმაზარ სტრესს.

დილით დაგვხვდა გამაოგნებელი სურათი, მარტო ფილმებში რომ გვინახავს ისეთი. მთის უზარმაზარი მასა არის მოწყვეტილი და დაძრული. გოგოლაშვილების, ბეროძეების და ალფაიძეების უბანი ფაქტობრივად აღარ არსებობს. ფაქტობრივად, ნახევარი სოფელი წაღებულია. დანგრეულია ჩემი სახლიც.

დამსკდარია სასაფლაოები და მიცვალებულების გაჩერება იქ, ფაქტობრივად შეუძლებელია. ჯერ ვერავინ შევა სოფელში, რადგან კრიტიკული სიტუაციაა, ეს მასა ისევ მოძრაობს. მინიმუმ სამი დღე მაინც უნდა დაველოდოთ, რომ მიწამ მოძრაობა შეწყვიტოს. დაველოდებით გეოლოგების დასკვნას და შემდეგ უნდა მოხდეს სასაფლაოების გადატანა", - აცხადებს ადგილობრივი ხატია ბეროძე, რომელმაც სოფელი 5 წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად დატოვა.

მისივე თქმით, ადგილობრივებმა შინაური ცხოველების გამოყვანა ვერ მოახერხეს, თუმცა მათი გაშვება მოასწრეს.

"ჩვენ შევძელით და ძაღლი გამოვიყვანეთ, მაგრამ კატის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ. ძროხები ვისაც ჰყავდა გაუშვეს – ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა მათი გამოყვანა, ჩვენ ფრინველები გვყავს და ფრინველებიც გავუშვით ეზოში, ასევე ღორები ვისაც ჰყავდა, ისინიც გარეთ დატოვეს, რადგან ტრანსპორტირების საშუალება არ იყო. იმედი მაქვს გავიდნენ უსაფრთხო ადგილზე“, – აცხადებს ხატია ბეროძე.