ქუთაისში, მდინარე რიონის ფერდზე, რუსთაველის ხიდთან არსებულ მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი და ფოტოგრაფი არჩილ გეგენავა წერს და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული ადგილი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქედან სულ რამდენიმე მეტრში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, საიდანაც ბევრი ვიზიტორი ქალაქის გაცნობას იწყებს.

„ამ ადგილიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში, დაახლოებით 10 მეტრში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც. სწორედ აქედან იწყებენ ხშირად ტურისტები ქალაქის გაცნობას. ბუნებრივია, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ამ სივრცეში იღებენ.

ამიტომ კარგი იქნებოდა, ზოგჯერ კაბინეტებიდან გამოსვლაც და ქალაქის რეალურად დათვალიერებაც. როცა ადამიანი ადგილზე ხედავს გარემოს, უკეთ ამჩნევს, რა არის მოსაწესრიგებელი და რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად. ასეთ შემთხვევებში მცირე ყურადღებაც კი ხშირად დიდ შედეგს იძლევა.

ეს უბრალო მეგობრული რჩევაა. მით უმეტეს, რომ თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, ხალხს თქვენ მიმართ სიმპათია ნამდვილად აქვს და ბევრს სჯერა, რომ ქალაქის განვითარებაში თქვენი ჩართულობა და ყურადღება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - წერს არჩილ გეგენავა.

აქტივისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოს მოწესრიგება მნიშვნელოვანია, რადგან ის ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის ერთ-ერთი პირველი სანახავი სივრცეა.