ქუთაისში დაკარგულ 50 წლამდე ასაკის მზია ლომაიას ძებნა ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ქალი გუშინ დილის დაახლოებით 06:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
ოჯახის წევრების განცხადებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მზია ლომაია სახლიდან გასვლის შემდეგ გადაადგილდება ქუთაისში და მიემართება რიონჰესის მიმართულებით. დაფიქსირებულია, რომ ის ხიდს კვეთს, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. არსებული ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე კამერების დაფარვა სრულად არ ხორციელდება, რაც დამატებით ართულებს მისი გადაადგილების დადგენას.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან პოლიცია, სამაშველო სამსახური და საგამოძიებო უწყებები. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება და დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.
ოჯახის წევრები საზოგადოებას სთხოვენ დახმარებას და მოუწოდებენ ყველას, ვინც შესაძლოა, ფლობს რაიმე ინფორმაციას, დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს.
"დაგვიკავშირდა ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ახლომდებარე საავადმყოფოში მუშაობს. მისი თქმით, იგი ყოველ დილით სწორედ ამ ხიდზე გადადის და გუშინ დილას დაინახა ჩუსტები, რომლებიც მამიდას ეცვა. მოგვიანებით კი, სამწუხაროდ, ეს ჩუსტებიც გაქრა, სავარაუდოდ, ჩუსტები რიგით სხვა გამვლელს მოეწონა და წაიღო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. პროცესში ჩართულია სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და საგამოძიებო უწყებები. თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ დრომდე დადასტურებით არ ვიცით, ნამდვილად მოხდა თუ არა ყველაზე მძიმე რამ - რადგან მამიდას კვალი უბრალოდ გაქრა.
ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ემიგრაციიდან დაბრუნებულ მამიდას ოჯახი ცუდად ხომ არ შეხვდა, არის მტკნარი სიცრუე. მამიდას ჰყავს საოცარი შვილები, არაჩვეულებრივი მეუღლე და ოჯახი, რომელიც მას სიყვარულითა და სითბოთი ევლებოდა თავს.
მამიდას არასოდეს ჰქონია რაიმე წინაპირობა იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. იგი იყო გაწონასწორებული, თბილი, სიცოცხლით სავსე და მუდამ ღიმილიანი ქალი. ბედნიერი იყო შვილებით, შვილიშვილებით და მთელი ოჯახით.
ჩვენ არ ვიცით, რატომ გავიდა გუშინ დილით სახლიდან მხოლოდ ჩუსტებით - ისე, რომ არ წაუღია არც ფული, არც ტელეფონი და არავისთვის არაფერი უთქვამს. არ ვიცით, რატომ დაგვატყდა თავს ეს უმძიმესი უბედურება", - ამბობს დაკარგული ქალის ძმისშვილი ირაკლი ლომაია.
მზია ლომაია რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა იტალიაში ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ. ოჯახის თქმით, სახლიდან გასვლისას მას თან არ ჰქონდა ტელეფონი, ფული და პირადი ნივთები.