საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის ახალი სახელმწიფო შესყიდვა გააფორმა. ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 515 008 ლარს შეადგენს, გამარტივებული შესყიდვის წესით შპს „ვანილა ივენთთან“ გაფორმდა.
გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, აღნიშნული საზეიმო ღონისძიება და ყველა დაგეგმილი აქტივობა 2026 წლის 20 ივლისს, 15:00 საათზე განხორციელდება. შესყიდვის ძირითად საგანს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიების კრეატიული კონცეფციის შემუშავება, ვიდეოწარმოება და შოუ-პროდუქციის სრული ორგანიზება წარმოადგენს.
ფასების ცხრილის და ტექნიკური დავალების მიხედვით, გამოყოფილი ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ტექნოლოგიურ და საორგანიზაციო კომპონენტზე ნაწილდება. კერძოდ:
დრონების შოუ: ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 200 დრონისგან შემდგარი შოუ, რომელიც 10-15 წუთს გაგრძელდება და 8-10 ვიზუალს გამოსახავს. აღნიშნული კომპონენტი ასევე მოიცავს კონტენტის შექმნას, სატესტო ფრენას, ტექნიკურ პერსონალსა და ლოგისტიკას, რისთვისაც 100 000 ლარია გათვალისწინებული.
ვიდეო გადაღება და წარმოება: ვიდეორგოლების დამზადება, სცენარისა და პოსტპროდაქშენის მომზადება, რაც 90 000 ლარად არის შეფასებული.
ტექნიკური აღჭურვილობა და სცენა: ოფიციალური ნაწილისთვის სცენის მოწყობა, მათ შორის LED ეკრანები, გახმოვანებისა და განათების სისტემები.
სტუმრების გამასპინძლება (ქეითერინგი): 400 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი, 400 შამპანური, შესაბამისი ჭურჭლითა და მომსახურებით, რაზეც 45 000 ლარი იხარჯება.
ორგანიზაციული და ლოგისტიკური ხარჯები: ტექნიკური პერსონალის, დიზაინის, ტრანსპორტირებისა და პროექტის მენეჯმენტის მომსახურება.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის და მისი გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე და ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.
ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რამდენ მონაწილეს/სტუდენტს/სტარტაპს მიიღებს/მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ყოველწლიურად.