ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ახალ კვარცხლბეკზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია წერს.

მისივე თქმით, კიკვიძის ძეგლს მუზეუმში გადაიტანენ.

"ქუთაისში ჩავედი, რათა მონაწილეობა მიმეღო მერიის კომისიის სხდომაში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. იგი დაიდგმება იქ, სადაც იდგა კიკვიძის ძეგლი, ცხადია, ახალ კვარცხლბეკზე, რომელიც ოდნავ წინ იდგება. ზომაც სხვა ექნება. აქვე გარკვევით ითქვა, რომ კიკვიძის ძეგლი ყველა წესის დაცვით გადატანილი იქნება მუზეუმში, როგორც არტეფაქტი. ვიღაცების გასაგონად კიდევ ერთხელ: არავითარი ბუშის, გენშერის ან ხავიერ სოლანას ძეგლის დადგმას აქ არავინ არ აპირებს და პროვოკაციულ განცხადებებს შეეშვან!",- წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში 1959 წელს დაიდგა. საზოგადოებისა და აქტივისტების მხრიდან საბჭოთა სიმბოლიკის მქონე ამ მონუმენტის დემონტაჟის მოთხოვნა წლების განმავლობაში პერიოდულად აქტიურად ისმოდა.

ძეგლი 8 ივლისს აიღეს.