განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის №7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მშობლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპი იყო. მინისტრმა დამსწრეებს პროექტთან დაკავშირებული დეტალები გააცნო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დამატებითი საინჟინრო კვლევების ჩატარების აუცილებლობა გამოიკვეთა.
ქუთაისის №7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი დღემდე არ დასრულებულა. ამ ხნის განმავლობაში მშობლები და პედაგოგები არაერთხელ ითხოვდნენ სამუშაოების დროულად დასრულებას.
რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო, სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში, სხვა მისამართზე და მეორე ცვლაში აგრძელებენ, რაც როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი ოჯახებისთვის ყოველდღიურ დისკომფორტს ქმნის.
შეხვედრის შესახებ საქმის კურსში არ იყო მედია - ჟურნალისტები, რომლებიც ამ თემას წლებია, აშუქებენ.