წყალტუბო რეალურად დავიწყებული კურორტია - იმ პოტენციალს, რასაც უნდა ასხივებდეს, ვერ ასხივებს, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" Travel To Georgia-ს დირექტორმა და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კურორტის გაცოცხლებისთვის უპირველესი ნაბიჯი მისი მასშტაბური რებრენდინგია, რაც წყალტუბოს ახალ ბაზრებზე პოზიციონირების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ლაშა ბერეკაშვილი განმარტავს, ამის მისაღწევად აუცილებელია თანამედროვე ევროპული კვლევები ჩატარდეს, რაც პოტენციურ ვიზიტორებს კურორტის უნიკალურობაში დაარწმუნებს.

"წყალტუბოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე მისი ცნობადობის რებრენდინგია. ბაზრები შეიცვალა, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ის ბაზრები ხომ აღარ არსებობს?! იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც კურორტს იცნობდნენ, ან გარდაცვლილია, ან მოგზაურობა აღარ შეუძლია.

ზოგს შესაძლოა, ჩამოსვლის სურვილიც აქვს, თუმცა ძველი მარშრუტები ისე აღარ არის აწყობილი, როგორც ადრე. მაგალითად, ადრე წყალტუბო-მოსკოვის მატარებელი მუშაობდა, ახლა კი სრულიად სხვა ლოგისტიკურ ნაწილზე უწევს ადამიანს გადაწყობა, რაც საკმაოდ რთული და ძვირია.

რადგან დღეს ქუთაისის აეროპორტი არსებობს, წყალტუბო სწორედ მის მგზავრთნაკადს უნდა მიებას. სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები სრულდება (ევროპისა თუ აზიის მიმართულებით), ის ლოკაციები წარმოადგენს ახლა წყალტუბოს ახალ ბაზრებს. ამისთვის კი კურორტს რებრენდინგი/განახლება სჭირდება.

ამ განახლებას ევროპელი მომხმარებელი ასე მარტივად არ მიიღებს. მას სჭირდება მნიშვნელოვანი, კვალიფიციური და ახალი კვლევები, რაც სანდოობას გაზრდის კურორტზე არსებულ სამკურნალო წყლებს და აბაზანებთან დაკავშირებით, რადგან წყალტუბოს მთავარი ნიშა სწორედ ესაა.

თუ ამ მიმართულებით ევროპული, მაღალკვალიფიციური კვლევები არ ჩატარდა, მანამდე არაფერი გამოვა. ევროპელებს წყალტუბოს აბაზანების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, საბჭოთა დროინდელი კვლევებითა და სტანდარტებით ვერ დავაინტერესებთ.

ევროპელ მომხმარებელს სანდო, თანამედროვე კვლევების გაცნობა სჭირდება. შესაბამისად, ჯერ უნდა ჩატარდეს ახალი კვლევები და მოხდეს წყალტუბოს სასარგებლო თვისებების თავიდან აღიარება, რის შემდეგაც გაკეთდება რებრენდინგი და მოხდება ახალი მომხმარებლების მოზიდვა“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

"ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ ხდება მსგავსი ღონისძიებების გატარება, „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამას დედაქალაქთან სიშორე და მივიწყებული კურორტის მიმართ ნაკლები ინტერესი განაპირობებს.

მისივე თქმით, ძველი სანატორიუმების თუნდაც 30% რომ აღდგეს, ეს წყალტუბოს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

"დაშორებულია დედაქალაქსა და მის ინტერესებს. ქვეყნის ფინანსური ცენტრი მაინც თბილისი ან ბათუმია, ამ მსხვილი ჯგუფებისთვის კი ნაკლებად საინტერესოა პერიფერიული, დავიწყებული კურორტი, მისი ინფრასტრუქტურასა თუ საინვესტიციო პირობებში ფულის ჩადება.

დიახ, წყალტუბო რეალურად დავიწყებული კურორტია. შესაძლოა, ვინმე შემომედავოს, მაგრამ იმ პოტენციალს, რასაც წყალტუბო უნდა ასხივებდეს, ვერ ასხივებს. დავიწყებული რომ არ იყოს, არსებული სანატორიუმების 95% გაჩერებული და მწყობრიდან გამოსული არ იქნებოდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ რომ მივყვეთ, პირველ რიგში, აუცილებელია, წყალტუბო შატლით ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდეს. მეორე ადგილზეა ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გათანამედროვება. მესამე ნაბიჯი კი წყალტუბოს აბაზანების კვალიფიციური, ევროპული კვლევა, კურორტის რებრენდინგი, ახალი მომხმარებლებისთვის მისი გაცნობა და მოზიდვაა.

ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მსხვილი ინვესტიციების შემოსვლას და ძველი სანატორიუმების თუ მთლიანად არა, გარკვეული ნაწილის მაინც აღდგენას. იმ ძველი ობიექტების 30% მაინც რომ აღდგეს, ქალაქი გაცოცხლდება“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.