ქუთაისის წარსულ დღეებს ერთი ქალბატონი ჰყავს, წმინდა ნინოს ქუჩაზე რომ გაიელვებდა მისი უწითლო ფერადებით, ლამაზი სახით, ტკბილი სალმით, „შენ გენაცვალე“-თი, ფართოფარფლიანი ქუდით, ბევრი ვერცხლის ბეჭდით და ბევრი დიდი სამაჯურით.. ახალგაზრდობაში კარგად შენახული მზერით რომ დაჰქონდა სიყვარულის წყურვილი.
სახელი და გვარი ვარ მარტოო - ნესტან კვეიძე - ამბობდა მაიას გადაცემაში.
გაბრიაძის დახატულ პერსონაჟს ჰგავდა მისი ბავშვური, სევდაში ამოზრდილი ყვავილებივით ღიმილით, მისი გაუზიარებელი მარტოობით, ქალაქური ბარდობით თუ პოეტურობით, ბევრის აღტაცებით, ბევრის ცნობით და ცოდნით. სანამდეც ეყო ეს სიყვარული, იქამდე იცოცხლა. დადიოდა უხმო შრიალით, გრძელი ქსოვილებით, ლივლივა, ჩიტივით მსუბუქად, სულ ფრენისთვის რომ არის მზად და ჭიკჭიკისთვის.. უნდა გაგხარებოდა, და მაინც გეტირებოდა მის შეხედვაზე.
ჰგავდა ამ ქალაქს. ძალიან ჰგავდა.
რამდენიმე დღის წინ, სულ შემთხვევით წავაწყდი ნესტანის წიგნს “ლამაზი ფურცლები წარსულიდან“. ღმერთო, რამდენ ადამიანს მოფერებია, რამდენის ხსოვნა დაუწერია უსაშველო მარტოობაში, მის პატარა, მოგონებებით გაჭედილ ოთახში, ჩიტის ბუდეს რომ ჰგავდა - კარღიას, უბარტყოს და მაინც სიცოცხლით სავსეს. ვკითხულობდი და თვალწინ მედგა მაგიდასთან კოხტად დამჯდარი, მაყვლისფერი თვალებით, ბეჭდებიდან გათავისუფლებული თითებით როგორ აგზავნიდა თითოეულ სიტყვას მარადისობაში გადასული გოგო-ბიჭებისთვის, მისი ბედნიერი ახალგაზრდობის ყველა მოამაგისთვის.
ვერ ვხვდები, მასში მეტი მწერალი იყო, თუ მსახიობი. იშვიათად მინახავს, თვითონ მსახიობი, სხვა მსახიობებზე ამდენს ამბობდეს, აქებდეს, ეფერებოდეს და საკუთარ პროფესიულ მნიშვნელობას მთავარი სინათლის ჩრდილში ახსენებდეს მკრთალად და მორიდებით. ამის გააზრება ცალკე დრამაა, მისი ციმციმა თვალებიდან დარჩენილი სევდის ნაწილი, კი.
მესამე სკოლის წინ ცხოვრობდა, „პროფესორების“ სადარბაზოში. გვერდით ქალბატონი მადონა მეგრელიშვილი და ქეთინო ჰყავდა, ზევით, - ერთი პერიოდი, უშუქობაში და უწყლობაში, - მაგალი თოდუა, უნივერსიტეტის რექტორი, სულის საზრდო და დღესასწაული. უფრო ნაადრევ დღეებს პოეტ ლილი ნუცუბიძესთან მეზობლობით იხსენებს, ნარდის თამაშით ეზოში:
" - რაზე ვთამაშობთ? -- ვიკითხე მე.
– სადილზე! –– მიპასუხა პარტნიორმა.
– იყოს, ბატონო!-- დავთანმხდი და... მოვიგე სადილი ლილი ნუცუბიძესთან.
მოვიგე ღვინო მეორე მეზობელთან.
მოვიგე ხილი მესამესთან.
მერე კიდევ მოვიგე რაღაც".
ყველა მოგონებაში, აბზაცებს შორის, სადღაც, კუთხეში მაინც, გვერდზე, თავში, ან ბოლოში, დედა ჰყავს ნახსენები და მისი უფროსი და - კირა. თითქოს მათ გარეშე ტექსტი ტექსტი არ არის, თითქოს მათთან ერთად აყალიბებს აზრს და ახასიათებს ნებისმიერს. დასტურად ჰყავს, ასე მგონია. მარტო რომ არ არის სამყაროში, იმის დასტურად! .. ესეც მისი ციცინათელა თვალების კიდევ ერთი სევდა..
მაია მიყვებოდა, ყუფარაძე: კვირის დღეები ჰქონდაო - ირმასთან სასტუმროდ წასასვლელი - ლილუაშვილებში, ქეთინოსთან და მამუკასთან - მაჩიტიძეებში, ოთართან და მერე უკვე მანანასთან - ქანთარიებში.. და რედაქციებში, თეატრში, მწერალთა კავშირში, მის ზურიკო კუხიანიძესთან, მის საყვარელ ადამიანებთან, თბილისში - კირასთან.. არიგებდა ასე სიყვარულს ბავშვივით გულნათელი, დიდი ბუნების ჩანთიდან, მისთვის უმყოფს და სხვისთვის სამყოფს. საოცარი მეხსიერება ჰქონდა, კარგი ქართულით წერდა, ყველა ლექსი ზეპირად იცოდა, უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა გატაცებით ყველასთვის, ბავშვისთვის, მოზრდილისთვის, მოხუცისთვის, ქალისთვის, კაცისთვის.. ამ ქალაქისთვის!
არ ჰქონდა ბევრი როლი და არც რაიმე ტიტული ჰქონია, როგორც მსახიობს. სულ პატარა შენიშნეს მოყვარულის სცენაზე და მესხიშვილში მიიყვანეს. პირველ პარტნიორად იპოლიტე ხვიჩია ეიღბლა. სულ შეყვარებული იყო. და მაინც მისტიკურ მეწყვილეს ეძებდა. „ჩემს გენერალს ველიო“ - ამ ფრაზას ამბობდა თურმე ხშირად და იქნებ იმიტომ, რომ ვერავის უწილადა ამხელა და სისხლსავსე გული სინამდვილეში.
ეს ფრაზა გენერალზე, ჩვენი თეატრის მსახიობმა, ირინა გუბელაძემ მითხრა და მაიამაც იგივე დამიდასტურა. არავინ იცის ვინ იყო ნესტანის მოგონილი გენერალი. ბევრს ეღიმებოდა კიდეც. იქნებ, მამა რომ სამხედრო ჩინის ჰყავდა, აქედან მოდიოდა ნეტანის გულის რჩეულის გენერლობაც? ან, ადვილად სანახავი რომ არ იყო იმ დროში, იმიტომ ამოიჩემა? ჰყავდა ასე მის პატარა ბუდუარში გამოკეტილი ვიღაც გენერლის სული და ეჩურჩულებოდა წლების მანძილზე, ლექსებს უკითხავდა და როლებს უთამაშებდა ეს ჩიტივით მოსაფერებელი, გრძელ, სრულ სარაფნებში გამოწყობილი, ლამაზი სულის და სხეულის უბერებელი გოგო.. არავინ იცოდა ვინ იყო ის გენერალი..
და იმ დღეს, როცა სამუდამო გზაზე გასაცილებლად, მესხიშვილის თეატრის კიბეებზე ნესტანის სამგლოვიარო პროცესია ნელა დაეშვა, მარცხენა ქუჩაზე, ნიუპორტის კუთხიდან, სამხედრო ზალპი მოესმა ყველას.
ზუსტად იმ დროს და იმ ადგილზე, ქუთაისელების სხვა ნაწილი, სხვა საზოგადოება, გენერლის კატაფალკას მიყვებოდა უკან. სამხედრო მარშით და ტრაურის ნაბიჯით...
ეს იყო მათი უკანასკნელი პაემანი.. ყველაზე სევდიანი და საკრალური წამი, რაც ამ ქალაქს ადამიანის გლოვის ბოლო წამებში უნახავს. ნესტან კვეიძის გენერალი.. სამარადისო..
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინი: ნიტა ხაჩიძე