სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ მას პატივს ვცემდით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, ალბათ, თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, რადგან ესეც იქნებოდა ნიშანი ერთობის, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. თუმცა, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთნი კვირას, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი. ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ვეღარ ამბობდა,  თუმცა მას ასეთი სურვილი ალბათ ექნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო.

ვისურვებდი, რომ ვინც მოვა მერე, შეძლოს, რომ გააგრძელოს ამ გზის ნაწილი მაინც, არ დაყოს ეკლესია, საქართველო, არ გაყვეს ისეთ გზას, რომელიც იქნება ჩვენი დასუსტების და დაყოფის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.