გორში არალეგალური სასმელების და უაქციზო სიგარეტების საქმეზე დაკავებულები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
7 ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურმა დღეს გაავრცელა.
დაკავებულებს შორის არიან გორელი ბიზნესმენი და ვეტერანი მოკრივე გიორგი კანდელაკი, ასევე კანდელაკის ბიზნესპარტნიორის გიორგი ჯალაბაძის ძმა, ქართლოს ჯალაბაძე და გორის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ბორის გოგიჩაიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში არალეგალურად მოქმედ ალკოჰოლური სასმელების ქარხნიდან და უაქციზო სიგარეტების საწყობიდან ამოღებულია “უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.