ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში ქალთა მონაწილეობა - ამ საკითხებს მოიცავს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით დაწყებული ინიციატივა, რომელიც ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკსა და ზუგდიდში ხორციელდება.
პირველი საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა სენაკში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს, რა უშლის ხელს ქალებს დახმარების დროულად მიღებაში, რატომ რჩება ძალადობა ხშირად დაფარული და როგორ შეუძლია თემს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ქალების დახმარება.
დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, ინფორმაციის ნაკლებობასა და დახმარების სერვისებზე წვდომის სირთულეებზე. მონაწილეებმა ეს საკითხები განიხილეს როგორც ბარიერები, რომლებიც ქალებს დახმარების ძიებასა და მიღებაში ხელს უშლის.
„ქალთა მიმართ ძალადობა მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა არ არის. სამწუხაროდ, თუ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ვერ გააცნობიერა, რომ მისი ჩართულობა აუცილებელია, პრობლემას ვერაფერი ეშველება. ეს შეხვედრები სწორედ ამ პასუხისმგებლობას აღვიძებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი ადგილობრივი პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზების განხილვას დაეთმო. ქალებმა საკუთარ თემებში არსებული აქტუალური საკითხები გამოჰყვეს და იმსჯელეს, რისი გაკეთება შეუძლიათ ერთობლივად და როდის სჭირდებათ ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქალებს გვაქვს საშუალება, საკუთარ თემებში არსებულ პრობლემებზე არა მხოლოდ ვიმსჯელოთ, არამედ მათი მოგვარების გზებზეც ვიმუშაოთ. თავად უნდა გავხდეთ საკუთარ თემებში ცვლილებების ინიციატორები“, - აღინიშნა შეხვედრაზე.
ინიციატივა სათემო ლიდერებთან ერთად ქალთა საჭიროებების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. ამ პროცესში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები მათ ყოველდღიურ გამოცდილებასა და რეალურ საჭიროებებს პასუხობდეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ძალადობის პრევენციასა და ქალთა მხარდაჭერაში საზოგადოების პასუხისმგებლობა იყო. მონაწილეთა მსჯელობაში გამოიკვეთა თემის როლი - მოუსმინოს ქალს, სერიოზულად მოეკიდოს მის გამოცდილებას და დახმარების ძიებისას მარტო არ დატოვოს.