ქუთაისის მოსახლეობა მრავალსართულიან კორპუსების სადარბაზოებში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, სადარბაზოების უმრავლესობა მოუწესრიგებელია.

“სტუმრის მოყვანა შეგრცხვება. ენით ვერ აღწერ ისეთ მდგომარეობაშია ქუთაისში სადარბაზოები. არავის ადარდებს ამ პრობლემის მოგვარება, რადგან სააშკარაოზე არ ჩანს. თანამდებობის პირები კიდევ კერძო სახლებში ცხოვრობენ და წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება სადარბაზოებში”, – ამბობს ჭავჭავაძის გამზირზე მცხოვრები ნელი მაისურაძე.

დაასახელეთ ქუთაისში მისამართი, სადაც სადარბაზოს მოწესრიგება არის საჭირო – “ინფო იმერეთის” facebook გვერდზე ამ კითხვაზე 1600 ადამიანმა არაერთი მძიმე პრობლემა და სხვადასხვა მისამართი დაასახელა.