მთავარიახალი ამბებისლაიდი

“არც ერთი თანამდებობა და არანაირი სტატუსი არ დგას თავისუფლებაზე მაღლა”, – მაია რუხაძის პირველი განმარტება

“არც ერთი თანამდებობა და არანაირი სტატუსი არ დგას თავისუფლებაზე მაღლა”, – მაია რუხაძის პირველი განმარტება

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს.

როგორც მაია რუხაძე წერს, “არასდროს იბრძოლებს იმისთვის, დარჩეს მათ ქვეშემრდომად, ვინც ვერ დაინახა თერთმეტწლიანი შრომა, ვერ დააფასა ჩვენი განვლილი გზა და ასე უპატივცემულოდ და უნიჭოდ მოისროლა სანაგვეზე ადამიანი, რომელიც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში იყო მათი საყრდენი”.

“მოგესალმებით მეგობრებო, ვიცი დამიგვიანდა კომენტარის გაკეთება, მიადვილდება მადლობის გადახდა, მაგრამ არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა დამშვიდობება. ჩემი პირველი რეაქცია ნებით გადადგომად შერაცხულ გადაყენებაზე იმხელა იმედგაცრუება იყო, ვფიქრობდი, რომ კომენტარსაც არ იმსახურებდა ჩემგან ეს ამბავი, დღემდე ვფიქრობ, რომ მე ჩემს საუკეთესო გუნდთან ერთად თერთმეწლიანი შრომით უკვე იმდენი ვთქვი, ამაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ სხვა გზა არ არის, დღეს ვერ გავჩუმდები, ამას არ იმსახურებთ არც თქვენ და არც ჩემი ოჯახი, რომ ისე ჩუმად გავიპარო თითქოს მართლა რამე დავაშავე.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს დიდ ოჯახს, ჩემს ძლიერ და შემდგარ გუნდს, ყველაზე სწრაფებს, ჭკვიანებს, მეგობრულებს და მებრძოლებს, სასწრაფო დახმარების გუნდს, იმისთვის, რომ ჩემთან ერთად თერთმეტი წელი, დაუღალავად იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, შემდეგ მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავისუფლების და სამართლიანობის სიყვარულისთვის, გამბედეობისთვის, რომელიც შეიძლება მათ ჩემზე მეტი დოზით აღმოაჩნდათ, ყველამ კარგად ვიცით, რა ფასი ადევს დღევანდელ საქართველოში იმას, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა ადამიანებმა, უთხრან ზემდგომებს, რომ ისინი ცდებიან. ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც თქვენ წამოიწყეთ და მე არ და ვერ გამოგყევით, რისთვისაც გიხდით ბოდიშს, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს სწორად გაიგებთ, მაქვს და მქონდა უდიდესი სურვილი თქვენთან ერთად ბრძოლის და შრომის, სიამოვნებაა იყო თქვენი მეგობარი და ხელმძღვანელი, საბედნიეროდ, მეგობრის სტატუსს ვერავინ წამართმევს და ნებითაც არასდროს დავთმობ, მაგრამ მეორე მხრივ მე არასდროს ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დავრჩე მათ ქვეშემრდომად, ან ვემსახურო მათ, ვინც ვერ დაინახა ჩემი, თქვენი და ჩვენი თერთმეტწლიანი შრომა, ვერ დააფასა ჩვენი განვლილი გზა და ასე უპატივცემულოდ და უნიჭოდ მოისროლა სანაგვეზე ადამიანი, რომელიც ყველა კრიტიკულ სიტუაციაში იყო მათი საყრდენი.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბოლო დღეებში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს ჩვიდმეტწლიანი გამოცდილების ოჯახს, კლინიკას სადაც ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანია, სადაც კარგად დავინახე და ვისწავლე ის რის გამოც დღეს თქვენი ამხელა სიყვარული დავიმსახურე, მადლობა მათ ასევე იმისთვის, რომ მათი დახმარებით ისევ შევძლებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ დაგეხმაროთ თქვენ, რომ მომავალში კიდე უფრო მეტი იყოთ ისეთები, რომლებიც ამ დღეებში დაუზარლად მწერდით ისტორიებს, გადარჩენილ სიცოცხლეებზე და ბოლოს მინდა მივმართო ჩემს შემცდარ მეგობრებს, მათ ვისაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ, მმართველობაში, ათკაციან დაწესებულებას მართავ, თუ მთელ ქვეყანას არ იცვლება ერთი, ვერაფერს გახდებით ვერასდროს თუ იფიქრებთ, რომ თქვენ მხოლოდ მათი ხელისუფალნი ხართ ვინც ან თქვენ გირჩევთ, ან მოსწონხართ, არც ერთი თანამდებობა და არანაირი სტატუსი არ დგას თავისუფლებაზე მაღლა, ქვეყანას აშენებენ პატიოსანი, შრომისმოყვარე და განათლებული ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გადააქცევს მონად.

ჩემი ამბავი გარკვეულია, ჩემი იმედგაცრუება განიკურნა რამდენიმე წუთში, მალევე მივხვდი, რომ ჩემი გუნდის ერთი წევრის ნათქვამი ორი სიტყვა, მადლობა და მიყვარხარ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველანი თქვენ ერთად, კიდევ უფრო მეტად დავაფასე მთელი გუნდი, თუნდაც იმიტომ რომ მათ თქვენი არ ეშინიათ, თქვენც ნუ შეგეშინდებათ მათი, თავისუფალი ადამიანების, ჭკვიანი და განათლებული ადამიანების, კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანების ნუ შეგეშინდებათ, დააფასეთ და გამოიყენეთ ისინი ისეთი ქვეყნის საშენებლად, სადაც შინ გვექნება ევროპა და არსად მოგვიწევს გაქცევა სამართლიანობის და სინათლის საძებნელად.

მადლობა ყველას, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ამხელა სიყვარული და დადებითი ენერგია მაჩუქეთ და პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემს ყველაზე თავისუფალ და მეგობრულ ოჯახს, ჩემს შვილებს და მეუღლეს, რომლებიც ყოველთვის დგანან იქ, სადაც უნდა იდგნენ”, – წერს მაია რუხაძე.

კომენტარები