მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

აშშ-მა “ოცნების” დეპუტატები, მათ ოჯახის წევრები და პოლიციელები დაასანქცირა

აშშ-მა “ოცნების” დეპუტატები, მათ ოჯახის წევრები და პოლიციელები დაასანქცირა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები “ოცნების” დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.

“დღეს ჩვენ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს ათობით ქართველი ინდივიდის მიმართ. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და თანამონაწილეები, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიას, თავისუფალი შეკრების უფლებას, გამოხატვის უფლებას, ძალადობრივად თავს ესხმოდნენ დემონსტრაციების მშვიდობიან მონაწილეებს, ზეწოლას ახდენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

სავიზო მიმოსვლის ეს პირველი პაკეტი მოიცავს “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებსა და კერძო პირებს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის, გადადგას დამატებითი ნაბიჯები.

ეს არის სანქციების პირველი ტრანში. ჩვენ, როგორც წესი, ხალხს არ ვაცნობებთ საჯაროდ, მაგრამ ისინი (სანქცირებულები) იგებენ, შეძლებენ თუ არა შეერთებულ შტატებში ჩამოსვლას.

კონკრეტულ სახელებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შეგახსენებთ ყველას, რომ სავიზო ჩანაწერები კანონის თანახმად კონფიდენციალურია, ამიტომ ვერ გეტყვით რაიმე კონკრეტულს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გადავხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის გავრცელებაში და რომლებმაც დემოკრატიის შელახვის მიზნით განახორციელეს ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია ჩვენი მოქმედებების სერიაში”, – განაცხადა მილერმა.

 

კომენტარები