მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გააგრძელეთ ისტორია”

“გააგრძელეთ ისტორია”

ცოტა შორიდან დავიწყებ. დაახლოებით იმ მანძილიდან, რაც ნებისმიერ გამვლელს აშორებს ამ დიდებულ შენობას.

ამ მზესავით წრეში ჩამჯდარ ეკლარის პერანგიან არქიტექტურულ შედევრს ბევრი მართლა ლეგენდარული ისტორია აქვს, ზოგიც გალეგენდებული ანეგდოტი. გააჩნია თაობას, თეატრალურ ცხოვრებას, გრძნობების დუღილს, სცენიდან ამბოხს და ნიჭის ამოფრქვევას. როდის როგორ ხდებოდა… მე ჩემი დროის თეატრზე ვყვები. არ იყო საუკეთესო – გამართლებებს შორის (ჩემზე ადრე მისულები გაცილებით დიდ შემოქმედებით ცხოვრებას იხსენებდნენ), მაგრამ იყო ბევრი თავგადასავალი პიესებსა და ადამიანებში, სურვილებსა და გამოგონილ რეალობაში.

ჩემს დროს არ დაიდგა „ბამბაზიის სამოთხე“, „ანა კარენინა“, “მაკბეტი“, „ანტიგონე“, „რევიზორი“. ზოგიერთი აღარც რეპერტუარში იყო. კლდიაშვილის „უბედურებას“ ცალი თვალით ვხედავდი რეპეტიციებზე, არადა პრემიერამდე მისასვლელი შემოქმედებითი აურზაურის მოსაყოლად ვიყავი ჩაყუჩული ამ დიდებული შენობის უბის სიღრმეში. თუ ვინმე მომაგნებდა და რამეს მკითხავდა, ვპასუხობდი იმაზე მეტს, ვიდრე შეკითხვა იყო და მიხაროდა. ვეძებდი პიესებზე და დრამატურგებზე დამატებით ყველაფერს, რისი მოსმენაც და წაკითხვაც შეიძლებოდა, ვსწავლობდი სტანისლავსკის და თუმანიშვილს, მაგრამ მაინც სხვა სტიქიის მოლოდინი მჭირდა. მინდოდა გახსნილიყო ამ თეატრის ყველა კარი და ქუჩაში გასულიყო ხმაც და სცენაც ყველა გამვლელის შესაჟრჟოლებლად. როგორ მინდოდა, ნებისმიერი გზით, ყველასი ყოფილიყო ის, რაც ზუსტად იმისთვის აშენდა – ყველასი რომ ყოფილიყო.

ყველა კარი ვერ, მაგრამ აივნის ერთი კარის გაღება მაინც მოვახერხეთ – ბევრი არაჩვეულებრივი შეხვედრის, დილის, შუადღის და ღამის ემოციებით დატვირთული საუბრებით სონიჩკას ოთახიდან გამოტანილი ორმაგი თურქული ყავით და ერთმანეთის ნიჭიერების რთულად, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღმოჩენით და აღიარებით.

ჩვენი ფანჯრიდან უხუცესი მაგნოლია იყურებოდა. რძისფერი ყვავილებით და სქელი დაძველებული ატლასივით მჭიდრო სტრუქტურის შეშავებული მწვანე ფოთლებით, მსუყე, ყელთან გაწოლილი, გამაბრუებელი არომატით. შუადღიდან ეზოს ხმები მრავლდებოდა ოთახში და ყველამ ვიცოდით, რომ მაგნოლიებს შორის, ამ მზესავით შენობის ეზოში, სცენაზე გარდასახვამდე მოკვდავად მოსული თეატრალური ბინადრები ისხდნენ და ბანალურ ისტორიებს ყვებოდნენ. ქუჩიდან, კი სცენაზე გარდასახვის უპერსპექტივო რიგითი გამვლელები, როგორც ჯადოსნური სამყაროს სულიერებს, ისე უცქერდნენ საყვარელ ადამიანებს, მათგან განსხვავებულებს, მათი ცხოვრების გზიდან გადახვეულებს, ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე უარისმთქმელებს, მოკლედ, მსახიობებს. თეატრის შვილებს. იყო თუ არა ეს ნამდვილად ასე, ამ ბლოგში სათქმელი არაა. სხვა დროს გავყვეთ უვენებელ ჭორაობას. ახლა მე დაკეტილი კარივით, დახურული ეზოს სევდა არ მასვენებს. იმ ცოცხალი ურთიერთობის შეწყვეტის, რომელიც ქუჩას და თეატრის ეზოს ორმხრივად აბედნიერებდა, აკეკლუცებდა, აარტისტებდა. ბანერებმა, რომელიც იაფფასიან პანორამას უფრო გავს და თან უკვე გაცრეცილმა, ალაგ-ალაგ ამოჭრილმა, ამოხეულმა, ნესტისგან ამობურცულმა და სახედაკარგულმა, თეატრსგარეთ, ცნობისმოყვარე გამვლელებთან, ეს ბუნებრივი და მხიარული დიალოგიც შეწყვიტა.

ჩამოხსენით ეს უჩვეულო „ფარდები“, ამ ჯადოსნურ სიმწვანეს, ძვირფასებო და გააგრძელეთ გამვლელებთან მეგობრობა. ეზოდან ყურმოკრული დიალოგებიც ხომ თეატრის ლეგენდა და ისტორია იყო? ჰოდა, „გააგრძელეთ ისტორია“!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

კომენტარები