მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გაცდენების მიუხედავად, ქუთაისის საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის საწვავი დახარჯეს”

“გაცდენების მიუხედავად, ქუთაისის საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის საწვავი დახარჯეს”

ქუთაისის საკრებულოში 6 თვის განმავლობაში 8 სხდომა ჩატარდა და გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, გაცდენის მაჩვენებლების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს.

“ქუთაისის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. იანვარი-ივნისის თვის განმავლობაში ჯამში 8 სხდომა ჩატარდა და სხდომების გაცდენის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაცდენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს რომან ქვაჩიკიძეს უფიქსირდება. საკრებულოს 8 სხდომიდან, ის მხოლოდ 1 სხდომას დაესწრო. 6 გაცდენა უფიქსირდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრს გაგა მანაგაძეს. მესამე ადგილს გაცდენების რაოდენობით ასევე”ნაციონალური მოძრაობის” წევრი და თანამდებობის პირი ქეთევან ხურციძე იკავებს. ის 8 სხდომიდან მხოლოდ 3 სხდომას დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1980 ლარს შეადგენს.

გაცდენის მაჩვენებლების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 131,320 ლარის ღირებულების 39,319 ლიტრი საწვავი დახარჯეს”, – აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საკრებულოს ახალარჩეული წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, საკუთარი შრომის ანაზღაურების გაზრდა იყო. საკრებულოს ახალარჩეულმა დეპუტატებმა თავიანთი ხელფასები მინიმუმ 1500 ლარით გაზარდეს.

საკრებულოს წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან, შრომის ანაზღაურებას იღებენ. საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს კი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. თანამდებობის პირებად ითვლებიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები.

კომენტარები