მთავარიახალი ამბებისლაიდი

ერთდღიანი “შემოდგომის წყალტუბობის” დღესასწაულისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 56,567 ლარი დაიხარჯა

ერთდღიანი “შემოდგომის წყალტუბობის” დღესასწაულისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 56,567 ლარი დაიხარჯა

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ყოველწლიური დღესასწაული “შემოდგომის წყალტუბობა” 2022 წელს მუნიციპალიტეტს 56,567 ლარი დაუჯდა. თანხის უდიდესი ნაწილი, 25,167 ლარი, ღონისძიების სტუმრების მასპინძლობასა და სასტუმროში დაბინავებაზე დაიხარჯა.

ღონისძიებებში მონაწილეობდა “იმედის” ღამის შოუს ბენდი, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 15 000 ლარი გადაუხადა.

“უკვე რამდენიმე წელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს, შემოდგომის წყალტუბოს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ფოლკლორული ფესტივალი, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა. გარდა ამისა, ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია.

წლევანდელი “შემოდგომის წყალტუბო 2022” საზეიმო კონცერტით დასრულდა. ღონისძიება ანსამბლი “ქართული ხმების” კონცერტით გაიხსნა. დღესასწაულზე ღამის შოუს ბენდიც მღეროდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ჩასატარებლად სახსრები მობილიზებული იყო ადგილობროვი ბიუჯეტიდან. “ფლანგვის დეტექტორმა” წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მერიის 2022 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა:

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წარმომადგენლობით ხარჯებში ბიუჯეტიდან ჯამში 27,672 ლარი დახარჯა. საინტერესოა, რომ ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 25,167 ლარი სწორედ “შემოდგომის წყალტუბოს” დღესასწაულის ჩატარებას მოხმარდა.

1 ოქტომბერს წყალტუბოში გამართულ “შემოდგომის წყალტუბოს” დღესასწაულს პოლონეთიდან ჩამოსული დელეგაცია და ადგილობრივი სტუმრები ესწრებოდნენ. თანხა, რომელიც მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთი დღისთვის დახარჯა, სწორედ ღონისძიებაში მონაწილე სტუმრების სასტუმროში დაბინავებასა და მიღება-გამასპინძლებას მოხმარდა. მაგალითად, ღონისძიებაში მონაწილე მოწვეული დელეგაციის სასტუმროში ბინადრობის ხარჯები 14,493 ლარს შეადგენს, ხოლო მიღება-გამასპინძლება ჯამში 10,674 ლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 2022 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები დაახლოებით 5-ჯერ აღემატება 2021 წლის წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელმაც მხოლოდ 5,370.9 ლარი შეადგინა.

წყალტუბოს მერია ღონისძიების აღსანიშნავად მუნიციპალიტეტმა ასევე რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომელშიც ჯამში 31,400 ლარი გადაიხადა.

შემოდგომის წყალტუბის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ანსაბლი “ქართული ხმები”, რომელთა მომსახურება 16,400 ლარი დაუჯდა ადგილობროვი თვითმმართველობის ბიუჯეტს.

წყალტუბოს სახალხო ღონისძიებას არ ჩაუვლია გიორგი გაბუნიასა და ღამის შოუს ბენდის გარეშე. ღამის შოუს ბენდის მომსახურებაში წყალტუბოს მერიამ 15,000 ლარი გადაიხადა. ბენდმა კონცერტი წყალტუბოში 1 ოქტომბერს გამართა.

საინტერესო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდს წყალტუბოს მერია გადაუდებელი აუცილებლობით უფორმებს ხელშეკრულობას. 2022 წლის 8 ივლისს წყალტუბოში ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში ბენდის მომსახურება მუნიციპალიტეტს 22,000 ლარი დაუჯდა.

საჯარო ხელმისაწვდომ დოკუმენტაციიაზე დაყრდნობით, ერთდღიანი “შემოდგომის წყალტობობის” დღესასწაულისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 56,567 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი (25, 167 ლარი) სტუმრების მასპინძლობა დაბინავებაზე წავიდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები