მთავარიახალი ამბებისლაიდი

ერთი სპექტაკლის პანდემიური ოდისეა

ერთი სპექტაკლის პანდემიური ოდისეა

ახლა იმ ფრაგმენტზე ვიწყებ მოყოლას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემს თეატრალურ გამოცდილებებს შორის.

სოფოკლეს „ანტიგონეს“ ყველა სცენა დეტალურად გაწერილი იყო. ეს რეზის სადიპლომოს ეხებოდა მაგისტრატურაში. მანამდე საკურსოს უმაღლესი შეფასება მიიღო ავთო ვარსიმაშვილისგან(ჯგუფის ხელმძღვანელი). სავალდებულო ნაწყვეტის ინსცენირებად კრეონის და ჰემონის დიალოგი აირჩია და გააკეთა კიდეც მესხიშვილის მცირე სცენაზე. დათო როინიშვილი(კრეონი), გაგი შენგელია(ჰემონი) და ინგა კაკიაშვილი(ევრიდიკე). აქ რეჟისორის (რეზი ქაროსანიძე) ყველაზე მნიშვნელოვანი შეჭიდება სოფოკლესთან დედის ხაზი იყო. ის, რაც პიესაში ამ ფორმით არ არსებობს და ტექსტებს შორის იკითხება. და მერწმუნეთ, არაჩვეულებრივი სიფაქიზით უკავშირდებოდა უფლისწულის კეთილშობილება დედის საწყისს და ევრიდიკეს პერსონაჟის ამ სცენაში შემოყვანა მორალურად აძლიერებდა ძველის(მეფის) და ახლის(უფლისწულის) სასოწარკვეთილ ორთაბრძოლაში ჰემონის სიმართლეს.

მოკლედ, იქ ვიყავი, რომ „ანტიგონესთვის“ მზადება დაიწყო. სამაგიდო რეპეტიციებიც. როლები განაწილდა.. და ძალიან მალე, პანდემიამ იფეთქა. თეატრი დაიხურა. დადგა დრო, როცა აღარავინ იცოდა როგორ გაეგრძელებია ცხოვრება, პროფესია, საქმე. კარანტინი და დეზინფექცია ქუჩაშიც, შენობებშიც, ჰაერშიც. ყველგან შიშის და სიკვდილის სუნი იდგა.
ჩვენთვის ეს დრო ყველაფრისგან გარიყვის დრამად იქცა. „ანტიგონეს“ მასიური სცენები მხოლოდ ოცნებად რჩებოდა..

რეზის და რამდენიმე ადამიანს, ნიუპორტის ქუჩაზე, მხოლოდ ჩემს ოფისში გვქონდა შეხვედრების და მუშაობის გაგრძელების ფუფუნება. საღამოს 9 საათამდე. სადიპლომო სპექტაკლისთვის ახალი პიესა უნდა ეპოვა და მასიურ სცენებსაც დამშვიდობებოდა. რეპეტიციების იმედიც არ ჩანდა თეატრში. მხოლოდ კოტეს ოთახიდან გამოდიოდა საღამოობით შუქი და მისთვის რამდენიმე მომსახურე პერსონალს ქონდა პანდემიისგან მოწყენილ მზისფერ შენობაში შესვლის უფლება. ვერც და არც არავინ აპროტესტებდა მის ამ ფორმით არსებობას „მის უდიდებულესობაში“ :).

ამ დროს დაიწყო ორესტეს ამბავთან შეჭიდება.

რეზიმ აირჩია პიესა „ბუზები“ სარტრისგან და „იატაკქვეშა“ მუშაობა მასსავით თავგანწირულ თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად. დროდადრო გვშორდებოდნენ ისინი, ვისაც პანდემიაზე მეტად თეატრის ან საკუთარი „პროტოკოლი“ს ერთგულება ეძვირფასებოდა და დარჩა ის, ვინც დარჩა. ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.

სამაგიდო რეპეტიციების შემდეგ, აჩიკო იაშვილს საჯარო ბიბლიოთეკის ქვემოთ არსებული ე.წ. „თავისუფალი სივრცე“ ვთხოვეთ და რეპეტიციები თეატრში გადასვლამდე იქ გაგრძელდა. სიცივეში, კოვიდის საფრთხეში, უფულოდ, სველი წერტილების და გათბობის გარეშე, ყოველდღე, დილიდან საღამომდე, სრული ენთუზიაზმით და ერთმანეთის სიყვარულით, სცენა სცენას ეკინძებოდა, პერსონაჟებს ფორმები ეძლეოდა. დროდადრო ტყდებოდნენ და მერე ისევ იკრებდნენ ძალებს კოლეგებისგან სოლიდარობის გარეშე. ცალკე კუნძულზე.

დეკორაციებს საკუთარი ხელით აწყობდნენ. მუსიკას მეგობრები არჩევდნენ. კოსტუმებს ერთად ვკინძავდით ესკიზებად. ახლაც ვფიქრობ, რომ ყველა ეს ადამიანი განსაკუთრებული რწმენით, მონატრებული თავგადადებით ოცნებობდა საბოლოო შედეგზე, საკუთარი სისხლის და ენერგიის ბოლომდე გამოტანაზე. და ბევრი სწორი და არასწორი მოვლენის შემდეგ, ასეც მოხდა.

შექმნის მესამე, ყველაზე მტკივნეული ეტაპი მესხიშვილის დიდ სცენაზე გაგრძელდა. იქ სპექტაკლმა და სცენოგრაფიამ სრულად გადაწყობა მოითხოვა და რეზიმ, ბოლო ორი კვირის მანძილზე, უკვე ხელჩაქნეულ და გატეხილ გუნდთან ერთად, ერთ დღეში, თავიდან დაბადებულმა ახალი რწმენით, მთლიანად შეუცვალა კონტენტი. ყველა მორალური წვალება, ხელჩაქნეულობა და თავიდან ფეხზე წამოდგომა ისე გაიარეს, ერთხელ არ შეუხედავს სამხატვრო ხელმძღვანელს – ახალგაზრდა რეჟისორს რამე ხომ არ ჭირდებოდა მისგან თუნდაც სიტყვის ფასად.

პრემიერა დაინიშნა.

ჩაბარება (ესეც ტრადიციაა პრემიერის წინ), სამხატვრო ხელმძღვანელს და სხვა „კეთილ“ ადმიანებსაც „გამორჩათ“. თითქოს მეორე დღის ფიასკოს წინასწარმეტყველებდნენ.. 🙂

ამბავი ასეთი იყო:

ორესტე მის მასწავლებელთან(აღმზრდელთან)ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. იქ, სადაც მამა – აგამემნონი მოუკლეს. იქ, სადაც მამის მკვლელი – დედამისი, დედოფალი კლიტემნესტრა ეგისთესთან ერთად განაგებს არგოსს. იქ, სადაც მისი და – ელექტრა, შურისძიების ჟინით და ღმერთების წყევლით ემსახურება მამინაცვალს. იქ, სადაც სინანულში ჩარჩენილ, უსიხარულო და დამონებულ მოსახლეობას ბუზები ცოდვის მწერებივით ასევია. იქ, სადაც მას, ორესტეს, ვერავინ ცნობს იუპიტერის გარდა….

p.s.: პრემიერა შედგა და იარუსებიდან ახალგაზრდების ოვაციებმა ჭექა-ქუხილივით გაიარა ტანში. ყველაზე მეტად რაც გვინდოდა – ამ თაობისთვის ყოფილიყო მგრძნობიარე და შთამბეჭდავი!! ახალგაზრდულმა ტემპერამენტმა იმ დღეს ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და პანდემიის დროს „ბუზების“ დადგმის/შექმნის დრამატული შიშები ღრუბლებივით გაყარა.

რაზე ყვებოდნენ, ხაოდნენ, კვდებოდნენ და ცოცხლდებოდნენ ამ სპექტაკლში, მომდევნო ორშაბათს მოგიყვებით.

ბუზები ყველა სივრციდან ერთად უნდა გავყაროთ..

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები