მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვისია ქართული თეატრის დღე

ვისია ქართული თეატრის დღე

ყველაზე გმირული ალბათ, რაც ქართული თეატრის ისტორიას უკავშირდება, კრწანისის ომია. სამას არაგველთან, ფშავ-ხევსურებთან და ქიზიყელებთან ერთად ჩახოცილი პირველი ქართველი მსახიობების ტრაგიკულ-ჰეროიკული ამბავი:

თეატრალური ტრადიციის ფუძემდებლებმა – გაბრიელ მაიორმა და მაჩაბელამ, რჩეულმა ვაჟკაცებმა და მეომრებმა, მათი სათაყვანებელი და ძმადნაფიცი დასის წევრებით და  „შადიანის“ თავაწყვეტილი სიმღერით, როგორ მიაღწიეს  აღა-მაჰმად-ხანის დროშებამდე, როგორ მოიტაცეს სპარსული  დროშები, როგორ აკაფეს გზაზე შემხვედრი მტერი და ბოლოს, მცირერიცხოვნები და რუსებისგან ნაღალატები, როგორ დაეცალენ საკუთარ სისხლად ქართულ მიწას.

ასეთი დიდებული დასაწყისი და იმავდროულად, დასასრული ჰქონდა ქართული თეატრის პირველ გაჩენას. ბარბათით, თუ დაირით, საბრძოლო მოძახილით თუ ჰაერში გარჩენილი  სულისამწველი დვრინით, ხმლით და დროშით ხელში და მტერთან შეწირვის ღვთიური თუ ზეციური პერფორმანსით, როცა სხეულიც, სულიც და სისხლიც, ერთად ამბობს ბოლო სიტყვას!

ამ სისხლიდან გაგრძელდა და თავიდან ამოვიდა ქართული თეატრი!

დროშით თავზე!

ზუსტად ასეთს ვხედავ, როცა ამ გმირებზე ვწერ და განვიცდი. ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ბლოგის პოსტერზე –  ჩვენი თეატრის სრულმუცლიანი გუმბათით და ქართული დროშით! სისხლისფერი ჯვრებით და სითეთრით ამ უსასრულო ლაჟვარდზე….

„რაღაცის გაგება, ცოდნა შეუძლებელია თუ ისევ და ისევ არ შეეცადე. ეს ფსიქოლოგიური მომენტი კი არ არის, არამედ ფენომენის ბუნებაა. იმაში, რაც იცი, რისი ხილვაც უკვე მომხდარა, ხელახლა გადავარდნაა საჭირო. სწორედ ამიტომ არსებობს თეატრი. სწორედ ამიტომ იდგმება ტრაგედია. ხომ არსებობს ტრაგედიის ტექსტიც, მაგრამ ტექსტის გაგება არ იკითხება ტექსტიდან. რომ იკითხებოდეს, მაშინ თეატრში არ წავიდოდით. სწორედ თეატრში ხდება ტექნიკური დინამიკით და მრავალი ეფექტის ჩართვით ჩვენი საზრისში ჩავარდნა, გაგება, ამოფრქვევა იმის, რაც თითქოს უკვე ვიცოდით“ (მერაბ მამარდაშვილი).

ეს ბოლო დღეები ვკითხულობდი საუბრებს რობერტ სტურუასთან. მამარდაშვილის ამ ციტატამ, ამ ახსნამ მომნუსხა. ესეიგი სწორია, რასაც ვითხოვთ თეატრისგან. არაპროფესიულად, ინტუიტიურად, გემოვნებიდან და მაყურებლის სურვილებიდან გამომდინარე. ესეიგი, საზრისში ჩავარდნაა მიზანიც და ფუნქციაც. იქამდე, კი სანამ მაყურებლის საზრისს მივადგებით, თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკის, რეჟისორის და მსახიობის სწორი არჩევანია საფეხმავლო ბილიკიც და „გზაც ტაძრამდე“.

ამიტომ იყო ყველა დროში და ყველა ეპოქაში ერთეული და პროგრესული თეატრალების ყიჟინა განათლებაზე, ფასეულობათა რიგზე, ეროვნული და საზოგადო ღირებულებების შეთანხმებაზე თეატრს შიგნით. ამიტომ იხსნებოდა ჯაბადარის და ქორელის სტუდიები, ამიტომ დაატარებდნენ ხელშიატატებულს ლადო ალექსი-მესხიშვილს, ამიტომ ხდებოდა მარჯანიშვილის და ახმეტელის ლომური შერკინება, ამიტომ იბადებოდა „დურუჯი“ და „დურუჯელების“ ახალი თეატრალური კონსტიტუცია, ამიტომ უშვებდნენ თეატრიდან მიხეილ თუმანიშვილს, ამიტომ წირავდნენ და ეწირებოდნენ…

ქართული თეატრი.

კულისების ტკივილი და ფარისევლობა. მოჩვენებითი „პრიმადონობა“ და „პრემიერობა“. ნამდვილების დახშული ხმა. მუდმივი ღალატი და გმირობის დაუცხრომელი წყურვილიც, რომელიც „ხმის უმრავლესობით“ ყოველთვის უმცირესობის ბედისწერის იყო.

ქართული თეატრი.

რომანტიკა და პოეზია სცენაზე. დროში ჩარჩენილი ესთეტიკა და ახლის შიში. მესიის მოლოდინი და ხელისუფლების კალთის სითბო. დისიდენტების თავშესაფარი. 37 წლის მოუშორებელი სტიგმა. დასის შეკრებები ვინმეს წინააღმდეგ, ან არაფრით(!). აღსარებები – რჩეულთა გარდაცვალების შემდგომ.

ვისია ქართული თეატრის დღე?

როდესმე, ალბათ, მაყურებლის საკუთრება იქნება და არა თეატრალური საზოგადოებების ისტორიული ფარსი. როდესმე, ალბათ, მაყურებელიც გახდება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. როგორიც მარჯანიშვილს, ახმეტელს, თუმანიშვილს უნდოდა. როდესმე – როცა კრიტიკა კრიტიკის სტანდარტს ფურშეტზე ან „ბაკულას ღორების“ ნარატივზე არ გადაცვლის, როდესმე – როცა სამხატვრო ხელმძღვანელი ანთებული იქნება საკუთარი თეატრის და დასის წარმატების წყურვილით, როდესმე – როცა მსახიობი საკუთარი პროფესიული შესაძლებლობებით დაკავდება, როდესმე – როცა საზოგადოება ერთხმად იტყვის – მე წინ მივდივარ!

მანამდე, კი ქართული თეატრის დღე იმ გმირი ბიჭებისაა, ვისგანაც მოყოლა დავიწყე, ვინც შემოქმედებაზე ოცნებობდა მე-18 საუკუნის საქართველოში, პიესებს თარგმნიდა, „ეზოის“ და „ქალაქის“ თეატრს აწყობდა, ჟან რასინის „იფიგენიას“ დგამდა, აქილევსს და აგამემნონს თამაშობდა,  თანამოაზრეებს ნიჭით ირჩევდა, ფიცს დებდა და ხმალს არ უშვებდა ხელიდან საკუთარი მიწის და დროშის დასაცავად.

დიდება ქართული თეატრის გმირებს!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები