მთავარიახალი ამბებისლაიდი

კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი, რომელიც სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს

კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი, რომელიც სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს

კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდის წარმატება – ინა გეთიაშვილი სორბონას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.

“ჩემი და მედიცინის სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობიდან იღებს სათავეს.

დაახლოებით 8-9 წლის ასაკიდან ბავშვური ჟინითა და გატაცებით მინდოდა ექიმობა და ბედნიერი ვარ, რომ ეს სურვილი დროთა განმავლობაშიც არ გამინელდა და უკვე ზრდასრულობაში ჩემი ოცნება რეალობად ვაქციე.

საქართველოში მიღებულმა განათლებამ საფუძველი მომიმზადა და საშუალება მომცა სწავლა ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში გამეგრძელებინა”, – ამბობს ინა გეთიაშვილი “ინფო იმერეთთან“.

– რატომ მაინც და მაინც საფრანგეთი?

– საფრანგეთში, თუნდაც მცირე ხნით სამოგზაუროდ წასვლა, ჩემი დიდი ოცნება იყო, სწორედ ამ მიზნით დავიწყე წლების წინ ფრანგული ენის შესწავლა. ყველაზე ზღაპრულ ოცნებაშიც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემს საყვარელ ქვეყანასთან პირველი შეხება ჩემივე საყვარელი პროფესიის გამო მომიწევდა და როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცა, ერთი წამითაც არ მიყოყმანია.

– რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში ჩაბარება?

– სორბონა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და დღემდე საუკეთესო, წამყვანი უნივერსიტეტია მაღალკვალიფიციური პროფესურით. საფრანგეთის უნივერსიტეტზე საუბრისას, მგონი ყველას პირველი ეს კონკრეტული გვახსენდება. ჩავირიცხე მედიცინის ფაკულტეტზე. არ დაგიმალავთ, ჩაბარების პროცესი მარტივი სულაც არ არის. ეს ყოველივე მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დაუღალავ შრომას, პრაქტიკულად 24-საათიან დატვირთულ რეჟიმს სწავლის კუთხით და რამდენიმე ეტაპის გავლას საბოლოო ჩარიცხვამდე.

– რას ურჩევთ პირადი გამოცდილებით იმ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ სწავლის გაგრძელება?

– ჩემი წარმატების “საიდუმლო” ის არის, რომ მჯერა, მიზნამდე მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე ვერ მიხვალ, შესაბამისად სხვებსაც ვურჩევ იმას, რომ დაისახონ მიზანი და ძალისხმევა არ დაიშურონ მის მისაღწევად. დღესდღეისობით საზღვრები ღიაა, არაფერია შეუძლებელი, მითუმეტეს კი საზღვარგარეთ განათლების მიღება. შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და სწავლაში გათენებული თითოეული ღამის საფასურსაც აუცილებლად მოიმკით.

– ამ ყველაფრის პარალელურად, გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის?

– პირადი ცხოვრებისა და სხვა გატაცებებისათვის დროის გამონახვას ვახერხებ, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდში მიდგანან. აუცილებლად უნდა გამოვყო ჩემი მეუღლე, რომელიც, ფაქტობრივად ჩემთან ერთად ათენებდა ღამეებს, არის ჩემი მთავარი მოტივატორი და თითოეული მიღწეული წარმატების უპირველესი გამზიარებელი.

კომენტარები