მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მგონია, რომ DMO Imereti ამაზე უფრო უნდა მუშაობდეს, ვიდრე დასაქმების ბიუროდ იქცეს”

“მგონია, რომ DMO Imereti ამაზე უფრო უნდა მუშაობდეს, ვიდრე დასაქმების ბიუროდ იქცეს”

ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ ძუძუანას მღვიმეზე, სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტი ხელისუფლებას უმოქმედობაში და უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მსგავსი, ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების მოწყობით უნდა იყოს დაკავებული და არა დასაქმების ბიუროდ იყოს გადაქცეული.

“ბაგრატი, გელათი, მოწამეთა კარგია, მაგრამ რაიმე ნაბიჯები გვაქვს გადადგმული მაგალითად ძუძუანის მღვიმის გასაპოპულარიზებლად? ადგილი, სადაც მსოფლიოში ტექსტილის წარმოება დაიწყო ჰომოიმერელიუსმა. უკვე არსებულს რომ ვერ ვუვლით (ბაგრატს და გელათს) და გაკეთებითაც ვერაფერს ახალს ვერ ვაკეთებთ გარდა “წვენებისა”. მგონია, რომ DMO Imereti ამაზე უფრო უნდა მუშაობდეს, ვიდრე დასაქმების ბიუროდ იქცეოდეს. სიმართლეს იტყვი, მიუთითებ და მტრად გაცხადებენ ეგრევე, რადიკალის იარლიკს გატყეპებენ. დაე ვიყოთ რადიკალები”, – წერს სოციალურ ქსელში არჩილ გეგენავა.

ძუძუანას მღვიმე — კარსტული წარმოშობის მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 515 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მრავალფენიან (ზედა პალეოლითიდან ადრინდელ ბრინჯაოს ხანამდე) მღვიმენამოსახლარს. აღმოაჩინეს 1966 წელს არქეოლოგ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. ძუძუანას მღვიმის სიღრმეა 160 მ, შესასვლელის სიგანე 22 მ, სიმაღლე 10–15 მ. საერთო სიგრძე 175 მ. იგი მსოფლიომ გაიცნო მას შემდეგ, რაც აქ უძველესი, ადრეული ზედაპალეოლითური 34 000 წლის წინანდელი სელის ძაფი იპოვეს, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა. გათხარეს 8 ლითოლოგიური ფენა, რომლის საერთო სისქეა 3,5 მ. ქვედა ფენა სტერილური აღმოჩნდა, მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითური ხანის კლასიკურ ნიმუშებს.

V–VII ფენების მასალა არქაული ტექნიკითაა შესრულებული და ახლოს დგას დასავლეთ საქართველოს ზედა პალეოლითურ ძეგლებთან. მოპოვებულია აგრეთვე გვიანდელი პლეისტოცენური ფაუნის ნაშთებიც, მათ შორის: მურა დათვის, მღვიმური დათვის, ბიზონის, გარეული ცხენის, ჯიხვი და სხვა. ზედა 3 ფენა შეიცავდა ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალას.

კომენტარები