მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მომიკლეს შვილი”- ქუთაისში 25 წლის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

“მომიკლეს შვილი”- ქუთაისში 25 წლის ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა

დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 2 დღით ადრე, 25 წლის ფეხმძიმე ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

39 კვირის ორსული თამარ გოგიბერიძე ჰოსპიტალში მუცლის ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი მშობიარობის დროს დაიღუპა, ჩვილი კი გადარჩა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია.

ოჯახი აცხადებს, რომ ორსულს ყველა ანალიზი წესრიგში ჰქონდა და დროულ მშობიარობას ელოდა. თამარ გოგიბერიძე 29 ნოემბერს, ძლიერი ტკივილის დაწყების შემდეგ, პირადი ექიმის რეკომენდაციით, სამშობიაროდ ტყიბულიდან ქუთაისში წაიყვანეს. მკურნალი ექიმი, რომელიც ორსულობის პერიოდში, თამარ გოგიბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდა, “კურიერთან” ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. მაია ქარქაშაძე ყველა კითხვას არ პასუხობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ადასტურებენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო, ოპერაციის დროს კი გული გაუჩერდა. კლინიკაში უჭირთ მიზეზებზე საუბარი და ამბობენ, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ფეხმძიმე ქალის ოჯახმა კლინიკაში პოლიცია მისი გარდაცვალებისთანავე გამოიძახა. დაიწყო გამოძიება. საქმეში ჩაერთო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც დაწესებულებაში შესვლის და სამედიცინო ისტორიის დეტალურად გამოკვლევის შემდეგ მიიღებს შესაბამის ზომებს.

25 წლის თამარ გოგიბერიძე ტყიბულში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს კიდევ ერთი შვილი – 2 წლის ბიჭი დარჩა. ოჯახის წევრები სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეთა დროულ გამოვლენას ითხოვენ.

რუსთავი 2

კომენტარები