მთავარიახალი ამბებისლაიდი

ორესტემ იცის, რომ თავისუფალია

ორესტემ იცის, რომ თავისუფალია

-რა ეშმაკმა ჩაგაგონა აქ წამოსვლა?

ამ სიტყვების ხავილით  იწყებს იოანეს გმირი,  დრედებიანი და კუბოკრული „შოტლანკით“,  15 წლის მერე  მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული, ორესტეს სიცოცხლის გადამრჩენი და მისი მასწავლებელი.

ორესტე  -გიგა აბულაძე- ამ დღეს სრულწლოვანი გახდა. ნათელი და ცნობისმოყვარე სახით, სუფთა ხელებით და სინანულის გარეშე, სამართლიანობის აღსადგენად და შურისძიებისთვის დაბრუნდა არგოსში, სადაც  აგამემნონი, მისი მამა, დედოფალმა კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა, მეფე ეგისთემ, ტროადან დაბრუნებული, აბაზანაში ნაჯახით აჩეხეს.  მას შემდეგ, ღმერთებმა ლეშის სუნზე დახარბებული ბუზები დაასიეს ქალაქს. ადამიანები სინანულში ცხოვრობენ. ადამიანები აქ ყველა უსამართლობაზე დუმან. დაბეჩავებული ყოველდღიურობით.

ბევრმა იცის ორესტეს ისტორია. სარტრის ორესტე კიდე სხვაა. ჩვენიც. ის განმათავისუფლებელია. ცოდვების ქალაქთან დაპირირსპირებული, სიცოცხლეგადამალული მეამბოხე ბიჭი, მეფის კანონიერი მემკვიდრე და ტახტზე უარის მთქმელი, ადამიანების არჩევანს მინდობილი. და ვიდრე არჩევანი მიეცემა სინანულში ჩარჩენილ უთავმოყვარო, საკუთარ ფანჯრებს და ჩაკეტილ კარს უკან ამოფარებულ, დამონებულ არსებებს, საზოგადო ღირსების გრძნობა ისევ ორესტემ უნდა დაბადოს. და არაფერი მნიშვნელოვანი მარტივად არ იბადება. მას უღირს. უღირს დანაშაული, რომ მისად აქციოს საკუთარი ხალხის ტკივილი.

ბევრი ამბობს, რომ სარტრის დრამატურგიას გვერდი უნდა აუარო. არ ვიცი -რატომ. არაფერი ისე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორც ამ პიესის ყველა პერსონაჟის თითოეული ფრაზა. აქ ყველა გმირი ნამდვილად გმირია. მკაფიო. მსუყე. დაუვიწყარი. ყველა საკუთარი სიმართლით ყველაზე დიდ სიყალბეშიც კი. ყველა საკუთარი უზენაესი სიყვარულით ყველაზე დიდ ბოროტებაშიც კი.

რეჟისორის (რეზი ქაროსანიძის) გადაწყვეტილებით, სპექტაკლში ორი იუპიტერი გაჩნდა – ძველი და ახალი თაობის ღმერთები. მათ შორის მოვლენების მიმართ დამოკიდებულების გამიჯვნაც უფაქიზესად გადაწყდა. სარტრის მგრძნობელობის სტილში, მე ასე მგონია.

რეჟისორის გადაწყვეტილებით, სპექტაკლში ეგისთე ხდება მისი მკვლელის, ორესტეს გადამრჩენი, როგორც საკუთარი ბედის გადამწყვეტი და თითქმის თვითმკვლელი, თვითმბრალდებელი, თვითგამმასამართლებელი ბევრი ცოდვის ჩადენის შემდეგ, საკუთარი აღსასრულის ავტორიც. მე ტექსტის ასეთი ამოკითხვაც მხიბლავდა, თვითრეფლექსიის ლოგიკური დასასრულით.

თთქმის ყველა პერსონაჟის ფრაზა დამოუკიდებელი სიბრძნე იყო ამ დროშიც, ამ ქალაქშიც, ამ საზოგადოებაშიც და ყველა დანარჩენშიც.

სამართალი კაცის საქმეა და მე მის სასწავლებლად ღმერთი არ მჭირდება- ეს არის ორესტეს სიმართლე და მასზე მოხეთქებული თავისუფლების ყველაზე გულწრფელი აღსარება, რომელიც ღმერთებსაც შურს.

მოკლედ, ახალგაზრდები იწვოდნენ სცენაზე. დუღდნენ. პანდემიის უადამიანო დროში, ქუჩა-ქუჩა მონაცვლეობით ნარეპეტიციები და ნაწვალები ოდისეით, გამარჯვების და წარმატების წყურვილით, ენთუზიაზმით გაპოხილები და გაოფლილები, უნუგეშოები ტრადიციული თეატრალური მეგობრებისგან, თითქმის მიტოვებულები, თითქმის დავიწყებულები პრემიერამდე.

მაინც შედგა.

და ამ ბლოგის წერის დროს, ჩემს საპრემიერო პოსტს გადავხედე: “გარდა იმის, რომ რაღაც ურთულესი და ძაააალიან საინტერესო ეტაპის პირობითი დასასრული იყო დღეს, გარდა იმის, რომ წარმოდგენაც მაშინებდა ამ რეალობის, გარდა იმის, რომ უამრავი ობიექტური და სუბიექტური პანდემიები გამოიარა ორესტეამ, დღეს ყველაზე დიდი აღტაცება მაყურებლით მქონდა   ბედის საჩუქარი იყო ეს! ამ სირთულის ტექსტში სულგანაბული ყოფნა და ტაშის შეკავებები სცენებს შორის – საერთო ქსოვილი არ დაერღვიათ კიდე სხვა ამბავია. შეუფასებელი ! მე ქუთაისი“. – ეს იყო 2021 წლის 19 მაისი!

ახლა უკვე მეექვსე თვეა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის მაგიდაზე დევს ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი და ელის გადაწყვეტილებას აღდგენაზე: უნდა იცოცხლოს თუ არა ორესტემ მისი სისხლით და თავისუფლების მანიფესტური ქარტეხილით  მესხიშვილის ისტორიულ სცენაზე… საბედნიეროდ აღარც პანდემიაა, მაგრამ ეფექტური უკუკავშირი და მითუმეტეს შემოქმედებითი ემპათია, ჯერ კიდევ ჭირს J.

და ბოლოს, პერსონალურად მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი ნაწილი ბედნიერებისთვის ამ პროცესში :

ორესტეს- გიგა აბულაძეს

ელექტრას-ნუცა სულაბერიძეს

კლიტემნესტრას-ინგა კაკიაშვილს

ეგისთეს-გიო ჩაჩანიძეს

დიდ იუპიტერს-გაგი შენგელიას

უმცროს იუპიტერს -საბა ნუცუბიძეს

პედაგოგს-იოანე იმედაძეს

ბიჭს- ბექა სოფრომაძეს

ინგა მესხორაძეს და მესხიშვილის თეატრის ტექნიკურ პერსონალს.

წარმატებები რეზის და მათ, ვისაც სჯერა, რომ აფრენაც და მერე მშობლიურ ქალაქშიც ორესტესავით დაბრუნება,  ყოველთვის ღირს!!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები