მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება”

“სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება”

დეპუტატმა მაია ბითაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე შინაურ ცხოველებზე კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, როგორც დედაქალაქი, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტები ვალდებულები იქნებიან ცხოველებს კასტრაცია/სტერილიზაციის ოპერაციები ჩაუტარონ, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ცხოველების გამრავლება კი მხოლოდ საშენში იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი ეტაპობრივად ამოქმედდება – პირველი ეტაპი იქნება რეგისიტრაციის სისტემის ამოქმედება მთელ ქვეყანაში, მეორე ეტაპის საკვანძო მომენტი იქნება – გამრავლების შეზღუდვა.

“შეიქმნას როგორც შინაური, ასე ვთქვათ, პატრონიანი ცხოველების, კატისა და ძაღლის სარეგისტრაციო ერთიანი სისტემა, რომელიც არ არსებობს ქვეყანაში, შეიქმნას მუნიციპალიტეტებისთვის ვალდებულება, რომ მათ ადგილებზე უზრუნველყონ სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების გაგრძელება უპატრონო და მიკედლებული ცხოველებისთვის. ეძლევა მუნიციპალიტეტებს საშუალება, რომ მათ არა თუ ააშენონ თავშესაფრები, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიზანია, ერთ 10 წელიწადში ჩვენ მიუსაფარი ძაღლების პრობლემები არ გვქონდეს, მათ ექნებათ საშუალება ინტერმუნიციპალური თავშესაფრები ააშენონ საჭიროების შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში, აუთსორსის მეთოდით დაიქირაონ ვეტერინარული კლინიკები ან არსებული კერძო თავშესაფრები, რომ პოპულაციის მართვის, კერძოდ კი რეგისტრაციის, სტერილიზაციის და კასტრაციის ოპერაციებს გაუძღვნენ.

საშენი იქნება ერთადერთი სუბიექტი და მისი ფლობის უფლება ასევე ექნება სახელმწიფო სტრუქტურებს, ვგულისხმობ ძალოვან სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში ძაღლებზე მაქვს საუბარი, სპეციალური დანიშნულებით იყენებენ და მხოლოდ საშენი იქნება შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ გაამრავლოს ძაღლი, ასევე იქონიოს კავშირი მეპატრონესთან, რომელსაც შესაძლოა, განსაკუთრებული ჯიშის ძაღლი ჰყავდეს და სურდეს მისი გამრავლება, ჰქონდეს კომუნიკაცია ფედერაციებთან და ასე ხდებოდეს ცხოველის გამრავლება, რომელიც გამრავლების შემდგომ აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს თუ ძაღლი არის სანაშენე – მხოლოდ რეგისტრაციას, თუ ძაღლი არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ იყიდოს და სახლში ჰქონდეს – მათ შორის სტერილიზაცია/კასტრაციას”, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა და 2 წელში სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში სწავლება გავიაროთ.

“მეგობრებო, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოლოგი ვარ, მე ვარ ერთი ადამიანი, რომლის ძაღლიც თავის დროზე არასწორად გაწვრთნეს და დღეს მე პრობლემები მაქვს ძალიან დიდი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიქმნას სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ კანონის მიღებიდან 2 წელში უნდა ამოქმედდეს, რომელიც მისცემს ჩვენს კეთილსინდისიერ კინოლოგებს და ფენოლოგებს იმის საშუალებას, რომ ის ტრენინგ-კურსები, რომლებსაც ისინი ახლაც ახორციელებენ, მოაქციონ სერტიფიცირების ერთიან სისტემაში, აიმაღლონ თავიანთი სტატუსი, მათ შორის ამ ქვეყანაში და ჩვენთვის, ყველასთვის, ორ წელიწადში სავალდებულო იქნება, რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს და როგორ ვეცადოთ იმას, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული”, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები