მთავარიახალი ამბებისლაიდი

რისთვის ვუხდით ხელფასს იმერეთის გუბერნატორს და მის ადმინისტრაციას?

რისთვის ვუხდით ხელფასს იმერეთის გუბერნატორს და მის ადმინისტრაციას?

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 31 ადამიანია დასაქმებული. ისინი თანამდებობრივი სარგოს გარდა, იღებენ პრემია-დანამატებსაც. ამ მიზნით ბოლო 7 წელში 707 ათასი ლარი დაიხარჯა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი ფაქტის” მომზადებულ მასალაში წერია, რომ მაშინ, როდესაც გუბერნატორი მხოლოდ მთავრობის დავალებებს ასრულებს და დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია, ბუნდოვანია, რისთვის ვუხდით ფულს სამხარეო ადმინისტრაციას.

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე წელს ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. თავად რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასებზე კი 231 ათასი ლარი.

გუბერნატორების არჩევაში ხალხი არ ერევა. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა, შესარჩევ კანდიდატურებს კი პრემიერ-მინისტრი წარადგენს. გუბერნატორი შემდეგ თავად ირჩევს მოადგილეებს. იმერეთის მხარის რწმუნებულის და მისი მოადგილეების ხელფასები ბოლო 7 წელში, თითქმის გაორმაგდა.

იმერეთის მხარის ადმინისტრაციის ფეისბუქ გვერდის მიხედვით, გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ძირითადად, ესწრება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, რეგიონში გამართულ კონცერტებს, სპექტაკლებს, ფესტივალებს და აჯილდოებს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ფეისბუქზე, უმეტესად, აზიარებენ მთავრობის ოფიციალური გვერდის პოსტებს, ტელეიმედის და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სიუჟეტებს, ასევე ეროვნული სპორტული ნაკრებების წარმატების და რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნ პოსტებს.

2019 წლიდან დღემდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას ზვიად შალამბერიძე იკავებს. იქამდე, ის შპს “ფრეგოს” დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი და იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო.

შალამბერიძის წინამორბედი იყო შავლეგო ტაბატაძე, რომელიც პოსტს 2018-2019 წლებში იკავებდა.

კომენტარები