მთავარისხვადასხვაპერსონა

სალომე გვენეტაძე: ჩემი ცხოვრების მწარე რეალობამ მომცა ძალა სხვების დასახმარებლად

სალომე გვენეტაძე: ჩემი ცხოვრების მწარე რეალობამ მომცა ძალა სხვების დასახმარებლად

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ძალადობის მსხვერპლი ადამიანების უფლებების დასაცავად” უკვე რამდენიმე კვირაა  სხვადასხვა  ღონისძიებებს ორგანიზატორობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი სალომე გვენეტაძე გვიყვება, რომ  ცენტრის მისიაა,  ჩაგრული ადამიანების ცხოვრებაში ნათელი ფერები, მეტი სიკეთე და მომავლის იმედი შეიტანოს. საერთაშორისო ორგანიზაცია იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ოჯახური ძალადობის და ზოგადად ძალადობის სიმწარე.

სალომე გვენეტაძე გვიამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის გეგმავს კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა აქტივობას და აპირებს, მთელი მისი რესურსი დაუთმოს საქმეს, რომელიც მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ რთულმა დღეებმა გააძლიერა, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში მეტად თავდაჯერებული გახადა. როგორც ამბობს, თუ ადრე მის მიმათ საზოგადოებაში გავრცელებულ არასწორ და ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე მისი რეაქცია ტირილი იყო, დღეს უკვე ყველა ცილისწამებას სამართლებრივად პასუხობს.

– სალომე, რატომ გაგიჩნდათ სურვილი, გაგეკეთებინათ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დაიცავდა?

– ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი განიცდის სხვადასხვანაირ ჩაგვრას და მწარე რეალობას ეგუება. ეს ჩვენი ქვეყნის მოუგვარებელი და ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემაა. ადამიანის უფლებები აბსოლუტურად შელახული და დაკნინებულია ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ორგანიზაციის ჩამოყალიბების საკითხს, ჩემი ცხოვრების მწარე რეალობამ უსამართლობის შეგრძნება გააღვიძა ჩემში, თან ისეთი დოზით, რომ მივხვდი, საჭირო იყო, მეპოვა ძალა არა მარტო საკუთარი თავის დასაცავად, არამედ სხვა, ჩემ მსგავსად ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მწარე რეალობის შესაცვლელად. მომინდა, მათ ცხოვრებაში ნათელი ფერები შემეტანა. მინდოდა, ის ჩამკვდარი ფერადი ოცნებები გამეღვიძებინა მათში, რომლებიც ძალადობამ და უსართლობამ წაართვა. ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება, ყველაზე ცუდ ისტორიაშიც კი შეიძლება რაღაც კარგი დავინახოთ. სწორედ ამიტომ სურვილი გამიჩნდა, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს მოვუსმინო, მათ ადგილას წარმოვიდგინო თავი და ზუსტად ვიგრძნო ის, რასაც თავად გრძნობენ. ახლა ჩემთვის მარტივია მათ ენაზე საუბარი. მე ვიცი, როგორ მივიტანო საზოგადოებამდე მსხვერპლთა ტკივილი, ვიცი, რა შეუმსუბუქებს მათ ამ იარებს და რა დაუბრუნებთ სიცოცხლის ხალისს.

  • რას ეტყოდით ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახიდან წამოსვლას?

– ვეტყოდი იმას, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა ერთი შანსი, მოვლენილიყო ამქვეყნად და მეორე ადამიანს არ აქვს უფლება, სიცოცხლე, რომელიც უფლისგან გვერგო საჩუქრად, დაგვიმახინჯოს, მოგვისპოს ან უფრო უარესი – ცოცხალი დაგვტოვოს და სიცოცხლე ვერ ვიგრძნოთ. უნდა იპოვოთ ძალა წამოსვლის, ცხოვრების ახლიდან დაწყების. მარადიული არაფერია, არც ტანჯვა და არც ბედნიერება, არ შეგაშინოთ ტკივილებმა და წარუმატებელმა ნაბიჯებმა. ცხოვრება გრძელდება, წინ ახალი ფურცელი გელოდებათ და თქვენს ხელშია, მასზე რა დაიწერება. არ მისცეთ უფლება, სხვამ დაწეროს თქვენი ცხოვრების ის თავი, რომელიც მარტო თქვენ გეკუთვნით. მინდა, ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს ვუთხრა, რომ მარტონი არ არიან.

– პროფესიით ვინ ხართ?

-16 წლამდე ვიყავი ეროვნული ცეკვების ანსამბლ “ირაოს” წევრი. 2009 წელს წარჩინებით დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალობით. იმავე წელს ვმუშაობდი „ვითიბი“ ბანკში ოფისის მენეჯერად. 2011 წელს ასევე წარჩინებით დავამთავრე სამაგისტრო პროგრამა საბანკო-საფინანსო-სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მომდევნო წლებში მუშაობა დავიწყე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის უშიშროების დეპარტამენტში. ამ პერიოდს უკავშირდება ჩემი გატაცება პანტომიმის თეატრით, ვიყავი მსახიობი, ფოტომოდელი და ვმონაწილეობდი სამოყვარულო გადაღებებში.

– ცნობილია, რომ ხართ წარმატებული, საქმიანი ქალი, გაქვთ თქვენი ბიზნესი. მოგვიყევით ამ საქმიანობის შესახებ.

– ბოლო 10 წელია, დაკავებული ვარ კერძო ბიზნესით. ვარ ტანსაცმლის მაღაზიის SALTY-ის ქსელის მეპატრონე და მარკეტინგისა და მომარაგების მენეჯერი. ასევე ვუწევ ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის მომსახურებას ამავე ქსელს. მიყვარს ჩემი საქმე და ასევე მიყვარს ჩემი ოჯახიც – ვცხოვრობ მშობლებთან და ჩემს შვილებთან ერთად. ვარ ორი არაჩვეულებრივი ბავშვის დედა.

– გაგვაცანით თქვენი შვილები.

– მყავს 5 წლის ევა და 4 წლის მაქსიმე, რომელთა აღზრდაში ჩემი მშობლები მეხმარებიან. ჩვენი ცხოვრების 99% ეთმობა ბავშვებზე ზრუნვას, მათი ყოველდღიური თუ სამომავლო გეგმები ჩვენი მთავარი საფიქრალია. დილა იწყება მათზე ზრუნვით და ამითვე მთავრდება. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას. კვების ნაწილი ყველაზე ფაქიზია ჩვენს ოჯახში, იღებენ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. ვცდილობთ, მათი ყოველი დღე იყოს მაქსიმალურად ლამაზი და ფერადი.

– რამდენად რთულია ბიზნესსაქმიანობისა და ოჯახური საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება?

– ვერ ვიტყვი, რომ ადვილია. ჩვენს ოჯახში დილა იწყება ძალიან ადრე, ბავშვების მოწესრიგება და ბაღისთვის მომზადება მე მევალება მაშინ, როცა დედა საჭმელს გვიმზადებს. შემდეგ ბაღში მიმყავს და იწყება სამუშაო დღე. დროის უმეტესი ნაწილი იხარჯება პროდუქციის შერჩევასა და მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ასევე სხვა ქსელური პრობლემების მოგვარებაში. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესიდანაც არ ამოვვარდე და დრო გამოვნახო დარბაზში ვარჯიშისთვის. შემდეგ პატარები გამომყავს ბაღიდან და საღამოს ნაწილს თითქმის სულ ერთად ვატარებთ.

– როგორც ვიცი, დიდი სიყვარულით გამოირჩევით შინაური ცხოველების მიმართ. მოგვიყევით თქვენი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.

– ცხოველები და ზოგადად სულიერი არსებები ჩემში დადებით ემოციას იწვევს. ბავშვობიდან ვუვლიდი მიუსაფარ ძაღლებს, უსინათლო კატებს. სოფელში გავზარდე გოჭი, რომლისთვისაც მის დედას აღარ ჰქონდა საკმარისი რძე. მყავდა სხვადასხვა ჯიშის ძაღლები, რომელთა სიკვდილიც ძალიან მძიმედ გადამაქვს. ამჟამად ოჯახში სფინქსის ჯიშის კატა მყავს, სახელად შაი. მყავს ასევე თხა ჯუზეპე, რომელიც აღმოვაჩინე ცხოველების ბაზრობაზე. ჯერჯერობით პატარაა, რძით ვკვებავ და შუადღით მიწევს სახლში დაბრუნება, როცა მას შია. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ცხოველი, პატარა ლეკვი შემოვამატე ოჯახს, რომელიც ქუჩაში ვიპოვე. ვფიქრობ, თხას კარგად გაუგებს.

– ასეთ წარმატებულ, დაკავებულ ქალს გრჩებათ თუ არა დრო პირადი ცხოვრებისთვის?

– ჩემი პირადი ცხოვრება ამ ეტაპზე შვილები და ის საქმეა, რომელიც ახლა იღებს სათავეს და ძალიან დიდ ძალისხმევასა და მონდომებას საჭიროებს. მინდა, მიაღწიოს იმ მასშტაბებს და განვითარების ისეთ დონეს, რაც მიზნად დავისახე. საკმაოდ დიდი და მასშტაბური პროექტები გვაქვს განსახორციელებელი უცხოელ პარტნიორებთან ერთად. ამ მეტად საჭირო და პრობლემურ საკითხს მთელი ჩემი ძალისხმევა მოხმარდება.

კომენტარები