მთავარიახალი ამბებისლაიდი

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

საქსტატი – საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და უარყოფითი მიგრაციული სალდო.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.

პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.8 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, ანუ 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი − 63.7 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.5 პროცენტს.

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენენ.

კომენტარები