მთავარიახალი ამბებისლაიდი

სექტემბერი ოპტიმიზმის თვეა

სექტემბერი ოპტიმიზმის თვეა

სექტემბრიდან ყველა ვცდილობთ რაღაც კარგი დავგეგმოთ. სექტემბრიდან ყველა ვფიქრობთ, რომ ძველ პრობლემებს ახალი ძალით გავუმკლავდებით და ძველ თემებს ახლებურად, ოღონდ უფრო ბედნიერი თვალით შევხედავთ. თითქოს ახალი სასწავლო წელი მაინც დალექილია ყველა ჩვენგანში, როგორც ახალი ენერგეტიკის დაბადების ვალდებულება.

ასეა თეატრშიც. ასე უდა იყოს თეატრშიც.

სეზონი იწყება.

გამოცხადების ისტორიული რიტუალი დგება. თანამედროვე ახსნით „გამოცხადება“ ცოტა დაგაბნევთ ისე, როგორც წინას წინა და იმაზე წინა ხელისუფლების ნარჩენი – განცხადებები და ბრძანებები კედელზე, მაგრამ ისე ჩვეულებრივი პროცესია – „გამოვცხადდი“ ნიშნავს ხელი მოაწერო A4 ფორმატის საკანცელარიო ფურცელზე და მეტი არაფერი. ალბათ, არც წელს  შეცვლილა პროცედურა. არ დამატებია რამე შემოქმედებითი ან თეატრალური ფერი. ასე, ქარხნის „ტაბელივით“ ივსება სახელები და გვარები და რჩება არქივში იმის დასტურად, რომ კიდევ ერთი ახალი სეზონისთვის დასს არავინ დაკლებია ან დამატებია.

თქვენ ალბათ, გეგონათ, რომ ნებისმიერი პირობითი დასაწყისი და  პირობითი დასასრულიც ამ მზისფერ შენობაში სხვა ბრწყინვალებით და სხვა ტალანტით აღინიშნება, მაგრამ არა. მეც ამის მოლოდინი მქონდა და გამიწბილდა. თუმცა, სულ შეიძლება შეიცვალოს. არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელია შეიცვალოს. მთავარ სახელოვნებო სივრცეს ყოფითი აქტების გათეატრალურების ვალდებულება (როგორც ხელოვანის თანდაყოლილი ინსტინქტი) აქვს და არა პირიქით – მოვლენების გაიაფების, გაჩვეულებრივების, გაუფერულების. ამ ტაძარს ხომ თავს ყველა კარგად მოგონილი ცხოვრებისთვის ვაფარებთ? ზღაპრისთვის. გმირისთვის. ემოციისთვის. სანახაობისთვის. განცდისთვის. ტირილისთვის. სიცილისთვის. ტაშისთვის. ჰოდა, ვფიქრობ, ყველა რიტუალიც შესაშური უნდა იყოს.

მოკლედ, სექტემბერი დაიწყო. ოპტიმიზმის თვე.

ალბათ, სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე ტრადიციულ „დასის შეკრებას“ მოიწვევს, რომელიც ხშირად „გამოცხადების“ (რა მისტიკური ჟღერადობა აქვს და ცოტა სპირიტუალურიც) დღეს ემთხვეოდა და რამდენიმე სიტყვით მეტს ან ნაკლებს იტყვის, ვიდრე ჩვენს დიდებულ თეატრში წარდგენის დღეს თქვა. თუ ეს რამდენიმე სიტყვა იქნება – „მესხიშვილის თეატრის სცენას ახალი სეზონიდან განათების პრობლემა აღარ აქვს“ , დამერწმუნეთ დიდ „სფიჩს“ აჯობებს, მაგრამ გონივრული ეჭვი არ მტოვებს, რომ ეს სიტყვები გაურკვეველი მომავლის თემაა.

მახსოვს, ნელ-ნელა როგორ ტოვებდნენ სიცოცხლეს შტანგეტებზე სინათლის სხივები უფრო ადრეც, სხვა სეზონში და როგორ იკლებდა მსახიობის დახარჯული ემოციის დანახვის შანსი პარტერიდან. ეს ნიშნავს, მხატვარს ტილოზე ბლანტი სითხე გადაუსხა, გამოსახულება და საკუთარი ესთეტიკა გაუქრო. ეს ნიშნავს,  ვერ აღიქვა ძარღვიანი სახე და ღრმა მზერა, რომელიც მსახიობის სიტყვასთან ერთად ქმნის ზუსტად მაყურებლის ჟრჟოლვის ან მძაფრი თანაგანცდის ფუფუნებას. ეს ნიშნავს, რეჟისორმა დღესასწაულის ნაცვლად, მწირი სანახაობა დაბადოს, რამპის ნაცვლად ჭრაქი იხმაროს, სიხარულის ნაცვლად, სევდა შექმნას. მოკლედ, ცუდია. სცენას განათება სჭირდება. სცენას, მსახიობს, რეჟისორს, მხატვარს, მაყურებელს. განათება სცენაზე მარტო კი არ ანათებს, მეტყველებს კიდეც. ამ ინსტრუმენტის გარეშე, რთულია შექმნა სპექტაკლი, ან როლი და დაახლოებით ისეთი ურთიერთკავშირია საჭიროსა და შესაძლებელს შორის, როგორც ტურნიკეტით რეგისტრაციასა და თაბახის ფურცელზე „გამოცხადების“ ცხრილში ხელმოწერას შორის.

სექტემბერი ოპტიმიზმის თვეა და პირველი, რასაც მზისფერი შენობის „ისტორიულ ფიცარნაგს“ (ასე უყვარ(და)თ ხოლმე „სცენის“ აღმატებულად ხსენება) ვუსურვებდი, მისი მთავარი გამაბრწყინებელი აქსესუარია – განათება, რომელიც ხშირად ჩვეულებრივ თამაშს და საშუალო სცენოგრაფიასაც კი საუკეთესო ვიზუალით წარმოაჩენს და დიდი სანახაობის მოლოდინის იმედს მაინც გიტოვებს. არაა ეს პატარა საქმე, თუ მთლად უპირველესად მოსაგვარებელი ახალ სეზონზე მაინც. ამის შემდეგ, რეპერტუარზეც შეიძლება საუბარი :).

p.s.: ასევე, ძველი ტრადიციით, დასის შეკრებას ტექნიკური პერსონალი არ ესწრება. არც ადმინისტრაციის ნაწილი :). თითქოს ამ კიდურების გარეშე ორგანიზმმა შეიძლება სრულყოფილად იარსებოს :). მაგრამ ეს პრეტენზიის გამო არ მიხსენებია, რადგან პრეტენზიაც არ აქვთ :). უბრალოდ, გამეფიქრა, ძველი  და უსარგებლო „ტრადიციები“ უკეთესი მენეჯმენტისთვის რომ ირღვეოდეს, იქნებ განათების პრობლემაზეც მარტო იმიტო მაინც ეკითხა ვინმეს, ვინც განათების გარეშე, წესით(!) უფუნქციოდ უნდა რჩებოდეს და უფუნქციობა ხომ დეპრესიის დედაა? 🙂 ან, იქნებ, თეატრში – არა ?

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები