მთავარიახალი ამბებისლაიდი

“სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს მკაცრი გაფრთხილება მიეცა”

“სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს მკაცრი გაფრთხილება მიეცა”

ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე) სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სოციალურ ქსელსა და საინფორმაციო საშუალებების ინტერნეტგვერდებზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია, როგორ უხდის მრევლი სასულიერო პირს დაბადების დღეს ტაძარში ტორტით, მუსიკისა და ხმაურის თანხლებით.

საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხებოდა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ მარტინე ლომთაძეს. მასთან გასაუბრებისა და ვითარების გარკვევის შემდეგ, დეკანოზს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება. თუმცა აქვე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. კერძოდ:

დეკანოზი მარტინე ლომთაძე 15 წელზე მეტია, სასულიერო პირია. ამ ხნის განმავლობაში არცერთი შენიშვნა არ მიუღია, არც რაიმე გადაცდომა და უჯერო საქციელი ჩაუდენია, რის გამოც გაკიცხვის ან დასჯის ობიექტი გახდებოდა. უფრო მეტიც, რეპუტაციიდან გამომდინარე, იგი ეპარქიაში გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ღვთისმსახური.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დეკანოზი დიაბეტიანია. ამის გამო იგი არის შშმ პირი, მოკვეთილი აქვს ფეხის თითები, უჭირს გადაადგილება და თავისუფლად მოძრაობა. ტაძართან კი, სადაც მამა მარტინე მსახურობს, არ არის არც მღვდლისთვის მოსასვენებელი ოთახი ან ცალკე რაიმე ნაგებობა. სწორედ ეს გარემოებები გახდა ზემოაღნიშნული გადაცდომისა და ტაძარში სადღესასწაულო სუფრის გაშლის მიზეზი.

რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი ყოვლად დაუშვებელი და ცალსახად გადაცდომაა. თავის მხრივ, მოძღვარიც ნანობს ამ საქციელს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც შემდეგ ამ ფაქტს მოჰყვა, არანაკლები დანაშაულია.

როგორც გაირკვა, სასულიერო პირსა და მრევლს, სუფრის გაშლისა და ტორტით მილოცვის მიუხედავად, ტაძარში ღრეობა არ გაუმართავთ. ვიდეოს მუსიკა და სხვადასხვა ეფექტი სოციალურ ქსელში ატვირთვამდე დაადეს და ისე გაავრცელეს, რასაც სასულიერო პირის ძაგება, აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა მოჰყვა. ეს კი არანაკლები სიმძიმის დანაშაულია, ვიდრე ტაძარში მომხდარი გადაცდომა“, – აღნიშნულია ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძის განცხადებაში.

 

კომენტარები