მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთათელი მიტროპოლიტის განსასვენებელი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთათელი მიტროპოლიტის განსასვენებელი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე; +1918)

გასულ ოთხშაბათს ჩვენს რუბრიკაში მოგითხრეთ, რომ ქუთაისის ამჟამინდელ ცენტრალურ მოედანზე არის იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონის (დადიანი) საფლავი.

ამ ტერიტორიაზე ასევე არის სხვა მღვდელმთავრის საფლავი. ეს გახლავთ მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) – საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთავე და ავტოკეფალიის აღდგენის აქტის შემდგენელი.

მიტროპოლიტი ანტონი (ერში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში. ალექსი გიორგაძემ განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, იმერეთის ეპისკოპოს წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) რეკომენდაციით, 1882 წელს, მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888 წელს ალექსი გიორგაძემ პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა სასულიერო სემინარია. 1889 წლის 12 თებერვალს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ალექსი გიორგაძე ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ხოლო ერთი კვირის შემდეგ – მღვდლად. მამა ალექსი სასულიერო მსახურებას უთავსებდა პედაგოგიურ და სხვა სახის ადმინისტრაციულ მოღვაწეობასაც ეკლესიის წიაღში. 1904 წელს მამა ალექსი ჩაირიცხა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი – ანტონი. 1907 წელს მან წარჩინებით დაასრულა პეტერბურგის სასულიერო აკადემია და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1910 წელს მამა ანტონი დაინიშნა გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად და მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. არქიმანდრიტი ანტონი სხვადასხვა დროს ასევე იყო ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესი, რუსული მონასტრების მთავარხუცესი, ქვათახევის მონასტრისა და თბილისის უფლის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

1911 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ეკლესიის სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ანტონი გამოარჩიეს ეპისკოპოსად. 1912 წლის 15 იანვარს არქიმანდრიტ ანტონს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. მეუფე ანტონი დადგინდა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად. გორის ეპისკოპოსი ანტონი 1914 და 1916 წლებში დააჯილდოვდა წმიდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენითა და წმიდა ანას პირველი ხარისხის ორდენით. ეპისკოპოსი ანტონი ყოველთვის პირნათლად ემსახურებოდა ქართულ ეროვნულ საქმეს და ამისთვის რუს ეგზარქოსთან დაპირისპირებასაც არ ერიდებოდა. მისი თანამედროვე ერთ-ერთი უცნობი ავტორი მეუფე ანტონის შესახებ: “ყოვლადსამღვდელო ანტონი, როგორც ქართველი მღვდელმთავარი უმეტესად რჩება ქართველი და სადაც რიგი, იგი იქ ქართულად ასრულებს წირვა-ლოცვას. ამის გარდა მხურვალე თანამიმდევარია ქართველი ერის ცხოვრებისა. მისმა მეუფებამ იცის მრევლის დახმარება. იგი არის ქართული მწიგნობრობისა და საქართველოს ისტორიის მცოდნე და ქართულ მწერლობასაც გულმხურვალედ ადევნებს თვალყურს” (ს. ვარდოსანიძე: 2010).

1811-1814 წლებიდან რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია სრულიად ანტიკანონიკურად იყო გაუქმებული (შეჩერებული). საუკუნეზე მეტი ხნის წყვეტის შემდეგ, მეუფე ანტონმა გადამწყვეტი მისია შეასრულა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის უდიდეს საქმეში. 1917 წლის 8 მარტს (ძვ.სტ.) თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში (დარეჯანის სასახლე) ეპისკოპოსმა ანტონმა მოიწვია საიდუმლო კრება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმავე წლის 12 მარტს (ძვ.სტ.) მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მეუფე ანტონის ხელმძღვანელობით შედგენილი იქნა ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 12 (25) მარტს, ღმრთის მადლითა და წყალობით, ქართველ ავტოკეფალისტთა დიდი ღვაწლით, რომელშიც განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი უჭირავს მეუფე ანტონს, აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

1917 წლის სექტემბერში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი ადგილობრივი კრება, რომელმაც განსაზღვრა, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან მხოლოდ სამი მიტროპოლიტი იქნებოდა: ტფილელი, ქუთათელი, ჭყონდიდელი. ამავე კრებამ მეუფე ანტონი დაადგინა ქუთათელ მიტროპოლიტად. იმავე წლის 1 ოქტომბერს (ძვ.სტ.) მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ ეპისკოპოს ანტონს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება.

1917 წლის 5 ოქტომბერს გაზეთი საქართველო წერდა: “დღეს ქუთაისს მიემგზავრება ქუთათელ მიტროპოლიტად ხელდასმული, ყოვლადსამღვდელო ანტონი. უკუღმართ დროს დაქვრივებულს ქუთათურ კათედრას ამიერიდან ეყოლება მამა მწყემსთავარი, ერის ნებით დასმული და მისთა ზრახვათა მსმენელი. ქართული ეკლესიის შეურაცხყოფაში და მის მსახურთა წამების ისტორიაში ქუთაისის სამღვდელოებას დაუვიწყარი ფურცლები აქვს აღბეჭდილი, რომელნიც საამაყოთ დარჩებიან თავისუფალს საქართველოს და მის ეკლესიას. ძველნი დრონი ვეღარ დაბრუნდებიან და ქართველი სამღვდელოება ფხიზელი დარაჯი იქნება თავისი ეკლესიის თავისუფლებისა, რომელიც წინამორბედათ უნდა იქცეს მთელი ერის განთავისუფლებისა. თუ ქართველი ერის წამებაში მათ გაიღეს უდიდესი მსხვერპლი, მათივე ვალია განამზადონ ერი უნეტარეს ბედნიერების მისაღებადაც. რუსი ღენერლების მიერ ქუთაისიდან ტომარაში განდევნილის (იგულისხმება წმ. მღვდელმოწამე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) და პატივ-აყრილის ქუთათელის სამწყსოს უბრუნდება მისი მემკვიდრე და თუმც ცუდ დროს უხდება მას მისვლა, როცა ქუთაისი იმავ რუს სალდათთა სარბევ ასპარეზად ქცეულა, ქუთაისი მაინც გულგახსნილი და იმედით მოცული შეხვდება მას და ქუთათელის კვერთხმა ამიერიდან მტკიცედ უნდა გაუკაფოს გზა თავის მძიმე და პასუხსაგებ მოღვაწეობის ასპარეზზედ”.

1917 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისში გამომავალი გაზეთი “ჩვენი ქვეყანა” წერდა: “გუშინ დილის 11 საათზე ქუთაისში ჩამობრძანდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი. რიონის სადგურზე მას შეხვდა სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენელნი… სადგურიდან მიტროპოლიტი და საზოგადოება საკათედრო ტაძრისაკენ გაეშურა. ტაძარში დიდძალი მლოცველი საზოგადოება დახვდა. მცირე პარაკლისის გადახდის შემდეგ მიტროპოლიტს სიტყვით მიმართა დეკანოზმა [იოსებ] ჭეიშვილმა. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა თვით ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა. საკათედრო ტაძრიდან მიტროპოლიტი თავის სადგომზე (არქიელის გორა) წაბრძანდა”.

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისის კათედრაზე მოღვაწეობისას წირვა-ლოცვას უმეტესად აღასრულებდა ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობორო, რომელიც მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე), ხოლო ცხოვრობდა ქუთათელ მიტროპოლიტთა სამღვდელმთავრო რეზიდენციაში (მდებარეობდა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის ეზოში).

1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე. მის ერთგულ თანამებრძოლსა და თანამოაზრეს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონსაც გამოუტანა მტერმა განაჩენი… მიტროპოლიტი ანტონი მოწამლეს (გავრცელებული ვერსიით მღვდელმთავარი მოწამლმა თავისმა სიძემ (ქალიშვილის მეუღლემ), გვარად რედიგერმა. 1918 წლის 18 სექტემბერს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი მოწამვლის შედეგად 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ამ დიდებული და ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის მმართველობამ ქუთაისის კათედრაზე მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა.

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის სამღვდელმთავრო რეზიდენციიდან ქუთაისის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი. ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი ანტონის საფლავი მოუმზადებია ივანე ჩილინგაროვს, რომელსაც ამ საქმეში ორიათას შვიდასი მანეთი გადაუხადეს. 24 სექტემბერს განსვენებულ ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს წესი აუგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ (ოქროპირიძე) და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ამბროსიმ (ხელაია), ქუთაისის სამღვდელოებისა და სხვა სასულიერო პირების თანამსახურებით. მღვდელმთავრის დაკრძალვაზე წარმოითქვა არაერთი ღირსშესანიშნავი და ბრწყინვალე სიტყვა, სადაც მრავალგზის გაესვა ხაზი ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის განსაკუთრებულად დიდ მოღვაწეობას.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი დაკრძალეს ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში). მიტროპოლიტ ანტონს შემდგომი არქეოლოგიური კვლევის მიზნით საფლავში ჩააყოლეს წარწერიანი პანაღია.

1924 წელს, როდესაც ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა დაანგრია ქუთაისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო) მდებარეობდა ქუთაისის ამჟამინდელი ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე), მიტროპოლიტ ანტონის ნეშტი ტაძრიდან არ გადაუსვენებიათ. შესაბამისად, დღესაც, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მოთავისა და ავტოკეფალიის აღდგენის აქტის შემდგენელის, განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი დიდი მღვდელმთავრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის საფლავი.

2018 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) წერილის საფუძველზე, ოფიციალურად დაისვა ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის წმიდანად შერაცხვის საკითხი, რომელიც დაფიქსირებულია წმიდა სინოდის სხდომის ოქმში. საკითხი ჯერჯერობით ღიაა და უფლის მადლით, გვჯერა, რომ დადებითად გადაწყდება.

2019 წელს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში დოქტორანტმა (ამჟამად ისტორიის დოქტორი, პროფესორი) ირაკლი ლორთქიფანიძემ ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე), რომელშიც პირველად მოხდა და შესრულდა მიტროპოლიტ ანტონ ქუთათელის, მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ დეტალური და ზედმიწევნითი სამეცნიერო კვლევა და აღწერა.

აქვე, შევნიშნავთ, რომ მიტროპოლიტ ანტონის წარმოდგენილი ფოტო არის მკვლევარ პაატა ქურდოვანიძის არქივიდან.

მრავალმოწყალე ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის უკვდავი სული.

შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები