მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი

ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი

ქუთაისის ერთ-ერთ გამორჩეულ და ისტორიულ უბანში, საფიჩხიაზე, 1892 წელს გაიხსნა პირველი ოფიციალური მართლმადიდებლური სასაფლაო, რომლის დიდი ნაწილს იმჟამად საღორიის სახელი ეწოდებოდა.

1904 წელს სასაფლაო დასავლეთის მიმართულებით გააფართოვეს და გადაწყდა ტაძრის აგება.

1905 წლის ოქტომბერში ტაძრის პროექტი ძველ ქართულ სტილში 150 მლოცველზე შეადგინა ინჟინერმა სახაროვმა. 1906 წლის აპრილში საფიჩხიის სასაფლაოს კეთილმოწყობის სამზრუნველომ ტაძრის აგებისთვის ხელშეკრულება დადო ბერძენ ოსტატებთან: ქრისტეფორე თოფალ-ოღლთან და გიორგი ადამ ოღლთან.

1906 წლის 11 მაისს იმერეთის ეპისკოპოსის (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა ტაძრის აგებას. 1908 წელს მშენებლობა შეჩერდა ეკონომიკური სახსრების უქონლობის გამო. 1911 წელს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ტაძრის მშენებლობა დასრულდა, რაც თოთხმეტი ათასი მანეთი დაჯდა. იგი მთლიანად ქვის ნაგებობაა.

1911 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძარი აკურთხა სული წმიდის მოფენის სახელზე.

იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი), რომელმაც აღასრულა ხსენებული ტაძრის კურთხევა 1911 წლის 29 ივნისს

აღნიშნულის შესახებ გაზეთ “შინაური საქმეების” 1911 წლის N 19-ში, გვ.11-ზე დაიბეჭდა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ: “29 ივნისს აკურთხეს ქუთაისის საფირჩხიის სასაფლაოს ეკლესია. ადგილობრივმა მღვდელმა მ. თ. დუგლაძემ დიდი შრომა მიიღო მისი აშენებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ ეკლესია დამთავრებულიაო. ათი ათასამდე მიცვალებული ასაფლავია ხსენებულ სასაფლაოზე და ამდენმა მიცვალებულის პატრონებმა ერთი ეკლესიის აგება ვერ მოახერხეს!.. ამბობენ, ახლო-მახლო მცხოვრებლებს სურთ ამ ეკლესიის მრევლათ შეირიცხონო” (აღნიშნული გაზეთიდან ხსენებული ინფორმაცია ორიგინალი პირის სახით წარმოდგენილია ჩვენს მიერ პუბლიკაციაში).

სული წმიდის მოფენის სახელობის ტაძარში თავდაპირველად მოღვაწეობდა მღვდელი თომა სპირიდონის ძე დუგლაძე.

მას შემდეგ, რაც 1921 წელს საქართველოში დამყარდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც იდეოლოგიურად ათეისტური იყო, დაიწყო ტაძრებისა და მონასტრების რბევა, დანგრევა, ადმინისტრაციული წესით დახურვა. 1923 წელს ათეისტურმა რეჟიმმა დახურა საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი.

საერო ხელისუფლების სახელზე შევიდა ორი წერილი, საღორიის უბნისა და საფიჩხიის უბნის მცხოვრებლებისგან ხსენებული ტაძრის კვლავ ამოქმედების მოთხოვნის შესახებ, რომელთა გათვალისწინებით 1925 წლის 28 თებერვალს ქუთაისის სამაზრო აღმასკომმა სული წმიდის მოფენის სახელობის ტაძრის გახსნა დაადგინა (ამის უფლებას მას საქართველოს ცაკ-ის 1924 წლის 21 ნოემბრის დეკრეტი აძლევდა) და იმავე წლის 2 მარტს ეკლესიის რელიგიური საზოგადოების რწმუნებულებს გადასცა ტაძარი შიგ დაცული სიწმიდებითაა თუ სხვა ნივთებით, რომელთა შორის იყო: 49 ხატი, 2 სახარება, 5 ჯვარი, ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა წმიდა ჭურჭელი, 5 შანდალი, 1 ზარი, 1 ტრაპეზის შესამოსელი, 2 საცეცხლური, 18 სხვადასხვა წიგნი, რამდენიმე სამღვდელო შესამოსელი და სხვა (მ. კეზევაძე: 2004).

1940 წლის იანვარში ტაძარი საბჭოთა ათეისტურმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული წესით, სამწუხაროდ, კვლავ დახურა და იმავე წლის 15 იანვრიდან ამ ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა. ის გადააკეთეს სპეცსაწყობად, შემდეგ კი რკინისა და ქვის საამქროდ.

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო ე.წ. “პერესტროიკა”, რასაც სხვა ძვრებთან ერთად მოჰყვა ადმინისტრაციული წესით დახურული ტაძრების დაბრუნება ეკლესიისთვის და მათი კვლავ გახსნა-ამოქმედება… მათ შორის იყო საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე ტაძარი. 1989 წელს ტაძარი დაუბრუნდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიას. ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსის (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, დაედგა გუმბათი და კაპიტალურად შეკეთდა. 1990 წლის 25 იანვარს ტაძრის სამრეკლოზე აღიმართა ჯვარი.

1990 წლის 10 თებერვალს განახლებული ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე განმეორებით აკურთხა ქუთათელ-გაენათელმა მთავარეპისკოპოსმა (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატემ. 1991 წელს ტაძარში აღიმართა ქვის კანკელი.

ტაძრის აღმოსავლეთით, საკურთხევლის კედელთან დაკრძალულია მეოცე საუკუნის საქართველოს ეკლესიის ცნობილი მაღალიერარქი, ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი; 1853-1938).

საფიჩხიის სასაფლაოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე 1924 წელს ბოლშევიკურმა ათეისტურმა რეჟიმმა დახვრიტა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, რომლებიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან კანონიზირებულნი და ახალმოწამენი ეწოდებათ.

ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის აღდგენის შემდგომ (1990 წ.) ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი დავით აბჟანდაძე. 1990 წლის აგვისტოდან კი ტაძრის წინამძღვარი გარდაცვალებამდე გახლდათ დეკანოზი ილია ხეცურიანი, რომელიც 2020 წლის აპრილში გარდაიცვალა. ტაძრის აღდგენიდან აქ გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა დეკანოზი პეტრე ახვლედიანი, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა და ხსენებულ ტაძარშია დაკრძალული (შევნიშნავთ, რომ დღეს, 2022 წლის 31 აგვისტოს, ერთი წელი შესრულდა დეკანოზ პეტრე ახვლედიანის გარდაცვალებიდან). მრავალმოწყალე ღმერთმა ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები.

ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე მდებარე ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მოქმედია და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. შეგვეწიოს ამ წმიდა ტაძარში აღვლენილი წირვა-ლოცვის მადლი.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები