მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი I)

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი I)

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1983; გარდ. 2008)

ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის სამწუხარო და დრამატული მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისი. 1981-1983 წლებში ხსენებულ ეპარქიას მართავდა მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე), რომელიც 1978 წლიდან იმყოფებოდა მღვდელმთავრის ხარისხში. ის 1978-1981 წლებში განაგებდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას, ხოლო 1981 წლის 9 სექტემბერს ქუთაის-გაენათის კათედრაზე დაადგინეს.

1983 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი განკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან და დაიყვანა ბერობამდე. ამ გადაწყვეტილების კვალად, რასაკვირველია, ის გადააყენეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველობიდან.

ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, რატომ განიკვეთა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რასაც უმთავრესად საარქივო დოკუმენტების საფუძველზე წარმოგიდგენთ.

მეტად სამწუხარო მოვლენასა და გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ყოფა-ცხოვრებაში 1983 წელს ორი მღვდელმთავრის – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნიკოლოზისა (მახარაძე) და ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის იოანეს (ანანიაშვილი) განკვეთა მღვდელმთავრობიდან. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) დაიწყო თავის წერილებში, სადაც იგი აკრიტიკებდა ხსენებულ ორ მღვდელმთავარს, ბრალს სდებდა მათ სოდომურ ცოდვებში და მოითხოვდა მათ განკვეთას (აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ გაიოზის (კერატიშვილი) ცნობით, იგივე ბრალდების მიზეზით, ჯერ კიდევ ერისკაც მახარაძის სასულიერო პირად ხელდასხმის წინააღმდეგი იყო უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე).

1981 წლის დასაწყისში მეუფე ნიკოლოზს ებოძა მიტროპოლიტის წოდება. ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრობისას, მიტროპოლიტ ნიკოლოზსა და რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთან აფხაზეთის ასსრ-ში ლაგვილავას შორის მოხდა დაპირისპირება, რის გამოც 1981 წლის 9 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელად, რამაც ყოფილი ქუთათელის – მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) განრისხება გამოიწვია. მან ჯერ უარი განაცხადა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადასვლაზე, შემდეგ კი დაიწყო საჩივრების წერა საერო ხელისუფლებაში… წერილებში განსაკუთრებით მძაფრად აკრიტიკებდა მიტროპოლიტ ნიკოლოზს. მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) ქუთაის-გაენათის კათედრაზე შეცვალა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (მახარაძე). ის 1983 წლამდე განაგებდა ამ ეპარქიას. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა არა თუ გამოკვეთილად აღსანიშნავი მოვლენებით არ გამოირჩეოდა, არამედ სკანდალურ შემთხვევაშიც კი აღმოჩნდა გარეული და მღვდელმთავრული მოღვაწეობა ხარისხიდან განკვეთით დაასრულა.

2009 წელს დაიწერა ნარკვევი „აჯანყება ეკლესიის წინააღმდეგ 1982-83 წლებში“, რომელშიც ვკითხულობთ: „კრემლი სსრკ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის მეშვეობით ცხადია არაპირდაპირ, მაგრამ ითხოვდა, რომ საქართველოს საეკლესიო ხელისუფლებისაგან გაუხმაურებლად ჩამოეშორებინათ მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რათა შემდეგ მათ საშუალება ჰქონოდათ მისი დასჯისა „მცდარი“ და „ანტისაბჭოთა დანაშაულის გამო“. ეს ზეწოლა გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, ალბათ, ერთი წელი. უწმიდესმა კი ეს არ ინება. მან, რადგანაც ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობდა აფხაზეთის რელიგიურ საქმეთა რწმუნებული, გადაწყვიტა განერიდებინა მიტროპოლიტი ნიკოლოზი აფხაზეთიდან. მართლაც /მიტროპოლიტი/ ნიკოლოზი გათავისუფლდა აფხაზეთის ეპარქიიდან და მთელი თავისი რეგალიებით დაინიშნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, ანუ ქუთაისისა და გელათის ეპარქიის მმართველად. ამ გადაყვანამ კრემლი არ დააკმაყოფილა, მაგრამ, საუბედუროდ, ძლიერ გააღიზიანა იქამდე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი შიო, რომელიც მისთვის სრულიად მოულოდნელად გაათავისუფლეს კათედრიდან და მის ადგილას კი დანიშნეს მიტროპოლიტი ნიკოლოზი. მიტროპოლიტი შიო – 76 წლის მოხუცი კაცი, იმჟამად ის-ის იყო დაამთავრა ქუთაისში საეპარქიო სახლის რემონტი და ელოდა, რომ დანარჩენ ცხოვრებას მყუდროდ გაატარებდა იქ. ის კი გაათავისუფლეს და ბათუმის ეპარქიაში გადაიყვანეს. მისთვის უცნობი იყო მიტროპოლიტ ნიკოლოზის ზემოთაღწერილი ამბები, ისევე როგორც, სხვა ყველასათვის, რადგან ყველაფერი დაფარული იყო და იცოდა მხოლოდ რელიგიის საბჭოსა და საპატრიარქოს ძალზე მაღალმა ფენამ. მიტროპოლიტ შიოს მაშინვე ჩააგონეს, რომ მისი ქუთაისიდან გაძევების მიზეზი იყო პატრიარქის გარემოცვა, რომ პატრიარქი სუსტია, სჯერა მისი გარემოცვისა და მათ თავიანთი ენებით შეაჯავრეს პატრიარქს შიო. /მიტროპოლიტი/ შიო ძლიერ გაბოროტებული იყო. მან დაიწყო ფიქრი იმისა, თუ ვინ იყო პატრიარქის უახლოესი გარემოცვა, ვისაც ის უსმენდა. ცხადია, იმჟამად ასეთად მიჩნეული იყო ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე და კიდევ რამდენიმე პირი.

პატრიარქის იმჟამინდელი გარემოცვით უკმაყოფილო იყო, ასევე რელიგიური საქმეთა საბჭო, მთავრობის ათეისტური ორგანო, რომელიც ასევე თვლიდა, რომ /მიტროპოლიტ/ ნიკოლოზს სინოდში მხარს უჭერდა ძლიერი ფრთა, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ უწმიდესმა არ ინება მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩამოქვეითება, პირიქით, გადაიყვანა საქართველოს ეკლესიის ღირსებათა და ასევე ფინანსური შემოსავლებით პირველი რანგის კათედრაზე – ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. ესეც გარკვეულწილად დაბრალდა უწმიდესის გარემოცვას. ეს ხდებოდა უწმიდესის ტახტზე აბრძანებიდან სულ რამდენი წლის შემდეგ, 1982-83 წლებში“ (ლომაძე, გელაშვილი, 2009:4-5). „/მიტროპოლიტი/ შიო ნაწყენი იყო არა მხოლოდ მისი ქუთაისის ეპარქიიდან განთავისუფლების და მის ნაცვლად /მიტროპოლიტ/ ნიკოლოზის დანიშვნის გამო, არამედ უფრო მეტად მისი ქორეპისკოპოსობიდან განთავისუფლების გამო. თვითონვე წერს საბოლოო წერილში, თუ ვინ აყენებდა საკითხს მისი განთავისუფლების შესახებ – ეს იყო შემდეგში ცნობილი დისიდენტი და საზოგადო მოღვაწე, ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც იმ წლებში იყო პატრიარქის რეფერენტი. მასთან დაკავშირებით /მიტროპოლიტი/ შიო წერს პატრიარქს: „1979 წლის მაისის თვეში „რეფერენტის“ ზურაბ ჭავჭავაძის მიერ მოტანილი ცრუინფორმაციის შედეგად, ქორეპისკოპოსობიდან გაათავისუფლეთ შიო ავალიშვილი მაშინ, როცა მისი საპატრიარქოში მუშაობა საჭირო იყო ეკლესიისა და პირადად თქვენთვისაც.“ /მიტროპოლიტი/ შიო ავალიშვილი ქორეპისკოპოსობის დროს ფაქტიურად აკონტროლებდა საპატრიარქოს სამეურნეო-საფინანსო საქმიანობას. მის ხელში აღმოჩნდა მილიონობით მანეთის განკარგვა. მალევე ძლიერი ეჭვი აღძრა მისმა საქმიანობამ, ეჭვქვეშ დადგა მისი საფინანსო რეპუტაცია. ზურაბ ჭავჭავაძეს ევალებოდა და კიდევაც მიჰყვა ამ საქმეს და შესაბამისი არქივიდან მოიპოვა ცნობა, რომ შიო სინადვილეში იყო ყოფილი პატიმარი, რომელსაც ორჯერ, საერთო ჯამში 30 წელი ჰქონდა მისჯილი საფინანსო მაქინატორობის გამო. თავის მიმართვებში /მიტროპოლიტი/ შიო წუხდა საპატრიარქოს სამეურნეო-საფინანსო საქმეების უწესრიგობის შესახებ, მაგრამ საპატრიარქოს ფინანსები ხომ მის ხელში იყო სულ რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ არ ენდნენ და ამ საქმეებს ჩამოაცილეს. /მიტროპოლიტი/ შიო, როგორც თვითონ ყვებოდა, ცხოვრობდა შუა აზიის ციხე-კოლონიებში, მხოლოდ ღრმა სიბერის დროს, 70 წლის ასაკში მივიდა ის ეკლესიაში, ჯერ კიდევ ძვალმსხვილი და ენერგიული“ (იქვე: 7-8).

1982 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მორწმუნეთა ღია კრება, რომელსაც დაახლოებით სამასამდე ადამიანი დაესწრო. კრებას აგრეთვე ესწრებოდნენ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს წარმომადგენლები: თ. ნიქაბაძე და გ. ზაქარია. კრების თავმჯდომარე გახლდათ თევდორე კაკაურიძე, ხოლო მდივანი – ნუნუ ბრეგაძე. კრების ოქმში ვკითხულობთ: „კრების დასაწყისში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კრებას გააცნო ცილისმწამებლური წერილების შინაარსი ძირფესვიანად და მოუწოდა მათ, განესაჯათ ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტისა და სამღვდელოების მორალური ყოფის საკითხი, მოუწოდა მათ გულწრფელობისაკენ და გულახდილობისაკენ, რადგან დღეს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს საკითხისადმი ობიექტურ და რეალურ მიდგომას“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.11). ხსენებულ წერილთა ავტორები იყვნენ მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) და ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე), რომლებიც უმძიმეს მორალურ-ზნეობრივ ბრალდებას უყენებდნენ მიტროპოლიტ ნიკოლოზს.

კრებაზე პირველი სიტყვით გამოვიდა კრების თავმჯდომარე თევდორე კაკაურიძე, რომელმაც განაცხადა: „მეუფე ნიკოლოზი ჩვენი ქალაქის მკვიდრია, არის შესანიშნავი მლოცველი და მგალობელი… მან ჩვენთან გააძლიერა ლოცვები არა მარტო საკათედრო ტაძარში, არამედ ეპარქიაში შემავალ ეკლესიებშიც. ის ეკლესიის ყოველგვარ შემოსავალს აგროვებს ტაძრის რემონტისათვის, რაზეც აქამდე არცერთ მიტროპოლიტს არ უფიქრია… ჩვენ მლოცველები ვიყავით სალოცავათ მეუფე იოვანეს ეპარქიაში. იქ დაგვხვდა ეპისკოპოსი ქათამაძე (გულისხმება ნიკორწმიდელი ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე). შენ. ავტ.) და გვთხოვა, შეგვედგინა ოცეული და წავსულიყავით მეუფე ნიკოლოზის წინააღმდეგ. მე ეს ვაცნობე მეუფე ნიკოლოზს. მან დაფიქრებით მითხრა, ილოცეთ, იქნებ გონს მოვიდესო… ეს ყველაფერი უსაფუძვლოა. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ მის (იგულისხმება მიტროპოლიტი ნიკოლოზი. შენ. ავტ.) პატიოსნებაში. მას მხოლოდ ადამიანური ღირსებები ალამაზებს. მე ქუთაისის მორწმუნეთა სახელით მოვითხოვ, განიკვეთონ ცილისმწამებელი ეპისკოპოსები“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.11-12).

(გაგრძელება შემდეგ ოთხშაბათს)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

კომენტარები