მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი II)

ქუთაისის ისტორიის ნაკლებად ცნობილი მხარეები – რა მოხდა 1983 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში?! (ნაწილი II)

(ნაწილი I იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3L4SnEF )

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1983; გარდ. 2008)

კრებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს საპატრიარქოს დამსახურებული მედავითნე ნათელა მურუსიძე, რომელმაც თქვა, რომ ქუთაისის აღმასკომში მისი სახელით შევიდა ცილისმწამებლური წერილი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნიკოლოზისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოების წინააღმდეგ. ნ. მურუსიძემ განაცხადა, რომ ეს წერილი იყო ანონიმური და მის სახელს ამოფარებული, რაზეც მან სათანადო ახსნა-განმარტება მისცა ქუთაისის აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილეს. გამომსვლელმა აღნიშნა: „მეუფე ნიკოლოზს ვიცნობ ბავშვობიდან, ერში ხუტა მახარაძეს… მრავალი ეპისკოპოსის დროს მომიხდა ეკლესიაში მსახურება, მაგრამ ასეთი ეპისკოპოსი ჩვენ არ გვყოლია. ამ საქციელს და ცილისწამებას ჩადის ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ქათამაძე, რომელსაც სურდა მოწამეთის მონასტერი ჩაეგდო ხელში, ხოლო ბათუმელ მიტროპოლიტ შიოს – დაბრუნდეს ქუთაისის ეპარქიაში. მე, როგორც საქართველოს დამსახურებული მედავითნე, მოვითხოვ, რომ ყველა დავდგეთ მის (იგულისხმება მიტროპოლიტი ნიკოლოზი. შენ. ავტ.) გვერდით და მუდამ ბრწყინავდეს, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჩვენს ეპარქიაში“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.N531, ფურც.12).

კრებაზე სიტყვით გამოვიდა არაერთი მორწმუნე. „რამდენადაც ვიცი ეპისკოპოს ქათამაძეს სურდა მოწამეთის მონასტრის ხელში ჩაგდება, რათა გაეზარდა მისი ეკონომიური შემოსავალი, მაგრამ ვერ მიიღო მან მონასტერი და ამის შემდეგ გადავიდა აშკარა ბრძოლაზე. ისტორიულად, მოწამეთა ეკუთვნის ქუთაის-გაენათის ეპარქიას და ქუთაისის მრევლი არ დაუშვებს მოწამეთის მონასტრის გადაცემას ქათამაძეზე… პატრიარქის ბრძანებით, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ეპისკოპოს ქათამაძეს დაუნიშნა მოწამეთის მონასტრიდან ყოველ თვეში ხუთასი მანეთი… ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მეუფე ნიკოლოზი წმინდაა. ვგმობთ ქათამაძის პოლიტიკას! ეკლესიისთვის სიწმინდეა საჭირო და არა ფული“, – განაცხადა კრების ერთ-ერთმა მონაწილემ ალმა ჩაბაკაურმა (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.13-14).

„ვიტყვი, რომ მეუფე ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიის სიმდიდრე. მისი გამოსვლა, მისი ქადაგება ყველას გვათვითცნობიერებს. მე მოვითხოვ, რომ არავითარი წერილები! დავირაზმოთ და წავიდეთ პატრიარქთან. ეს ჩირქის ცხებაა ყველასთვის… დაგმობილ იქნან ცილისმწამებლები! (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.14-15)“, – განაცხადა აგრეთვე კრების ერთ-ერთმა მონაწილემ ეთერი ჩიკვაიძემ.

კრებაზე სიტყვით გამოვიდა ქუთაისის არქიელის გორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნე კაკო შალამბერიძე, რომელმაც აღნიშნა: „მე ვიტყვი, რომ ეს არის ცილისწამება და წერილები ყალბია. ხელს ვაწერ, რომ ეს ეპარქია უნდა ჩაიგდოს ხელში ეპისკოპოსმა ქათამაძემ და მიტროპოლიტმა შიომ… ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენ მეუფე ნიკოლოზს რომ დასწამეს ცილი, იქნან ისინი დასჯილნი“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.16).“

აღნიშნულ კრებაზე, მოწამეთას წმიდა დიდმოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს (მხეიძეები) სახელობის მონასტრის მედავითნემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა: „ძალიან ვაფასებ ჩვენს მეუფეს. მე მოვითხოვ შეწყდეს ცილისმწამებლური წერილების წერა, დაისაჯნონ დამნაშავეები“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს. 531, ფურც.17). ქუთაისის მწვანეყვავილას წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მედავითნემ, ანიკო ჩიქოვანმა აღნიშნა: „მე მადლობას ვუხდი უფალს, რომ ასეთი საუკეთესო მეუფე მოუვლინა ჩვენს ქუთაისს. ასეთი წერილები ჩვენი სირცხვილია. მე მოვითხოვ, რომ დაგმობილი იქნას ბოროტმოქმედები“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.N531, ფურც.18).

კრებაზე ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა, მარგალიტა თვალოძემ, მკაცრად გააკრიტიკა წერილების ავტორები, ბრალი დასდო მათ ანგარებაში და დასძინა: „მე მოვითხოვ, დასჯილ იქნან ცილისმწამებლები“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.19).

აღსანიშნავია, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მორწმუნეთა ღია კრებაზე სიტყვით წარსდგნენ ასევე ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირები – დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე და დეკანოზი რევაზ მოსეშვილი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ. თქვენ ყველამ იცით, რომ არცერთი მოწინავე მღვდელმთავარი არ ყოფილა, რომ არ დაეწერათ მასზე… ასეთი ცილისწამება მთელი ქუთაისის თავის მოჭრაა. ეს ხომ სიბინძურეა, ეს ხომ სიგლახეა, ეს არის შეურაცხყოფა. მეუფეო, აქ ვართ სამღვდელოება! აქ ვართ ყველა! უფალი თქვენთან არის!“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.14), – განაცხადა დეკანოზმა ინდისი ნუცუბიძემ.

დეკანოზმა რევაზ მოსეშვილმა, ხსენებულ კრებაზე, თავის გამოსვლაში აღნიშნა: „თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რა ბრწყინვალებითაა შემოსილი საქართველოს ეკლესიის ისტორია… დღესაც ჩვენი ერის საჭეთმპყრობლად დაინიშნა მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია მეორე და მისი თანამოაზრე ყოველთვის იყო და არის ჩვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი ნიკოლოზი… ყველამ გულში ჩაიხედეთ, ყველამ მოიყარეთ ღვთის წინაშე მუხლი და მადლიერებისა და პატიოსნების გონებით ღმერთს შევღადადოთ, რომ ღირსი გაგვხადა ვიყოთ შვილები სიწმიდით მოსილი პატრიარქისა და იმერეთის მიტროპოლიტ ნიკოლოზისა და ამ მადლის შემდეგ თავი იჩინა ასეთმა უმსგავსოებამ, რომელიც არ შემიძლია გამოვთქვა იმ ბინძური სიტყვებით, რაც წარმოთქვეს ეშმაკის მსახურთა. ეს ხომ ისტორიის დამახინჯებაა! რა პასუხს აძლევთ მომავალ თაობას, რომელიც იმედის თვალით შემოგვცქერის ჩვენ?! არ შეიძლება დავუშვათ ეს! ბოლო მოეღოს განდიდების მანიით შეპყრობილთა თავხედურ საქციელს. ღმერთი დაიცავს მის ერთგულ შვილებს” (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.15). კრების ოქმში წარმოდგენილია ასევე სხვა გამომსვლელთა მიერ წარმოთქმული სიტყვები.

ყოველი გამომსვლელის, როგორც სასულიერო, ისე საერო პირის სიტყვებიდან ნათლად სჩანს რომ ისინი ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნიკოლოზს, გმობდნენ საბრალდებო წერილების ავტორთა ქმედებასა და მათ დასჯას მოითხოვდნენ.

კრებამ მიიღო დადგენილება: „1. ეთხოვოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, აღკვეთოს ცილისმწამებელთა ჯგუფის მოქმედება, რადგან ქუთაის-გაენათის ეპარქიის მრევლი არ იზიარებას ამ ცილისმწამებლური წერილების შინაარსს.

2. ეთხოვოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეუწყვიტოს ხელფასის მიცემა ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან ეპისკოპოს ქათამაძეს და დაავალოს მასვე დაუბრუნოს მის მიერ გატაცებული ფული, 2500 (ორი ათას ხუთასი) მანეთი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აღიძრება სასამართლოში.

3. მორწმუნეებმა გამოსთქვეს აზრი, ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან გაიგზავნოს მორწმუნეთა ჯგუფი საქართველოს საპატრიარქოში, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შესახვედრად“ (უ. ი. ც. ა. ფ.1880, ა.1, ს.531, ფურც.20). დადგენილებას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე თევდორე კაკაურიძე და მდივანი, ნუნუ ბრეგაძე, აგრეთვე კრების მონაწილე მორწმუნეები.

(გაგრძელება შემდეგ ოთხშაბათს)

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

 

კომენტარები